ხშირად დასმული კითხვები
მოკლე და მკაფიო პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც კლიენტები ყველაზე ხშირად გვისვამენ. თქვენს კითხვას ვერ პოულობთ? დაგვიკავშირდით — კონსულტაცია 300 ₾-დან.
ვერაფერი მოიძებნა. სცადეთ სხვა სიტყვა ან დაგვიკავშირდით.
ზოგადი კითხვები
როგორ შევარჩიო ადვოკატი?
აირჩიეთ ადვოკატი, რომელსაც თქვენი საქმის სფეროში აქვს გამოცდილება, გულწრფელად შეაფასებს რისკებს და ჰონორარს წინასწარ, წერილობით შეგითანხმებთ. MMLAW-ში კონსულტაცია 300 ₾-დან ღირს — ადვოკატს გაიცნობთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
რა ღირს კონსულტაცია?
კონსულტაცია 300 ₾-დან ღირს, დღგ-ის ჩათვლით. მასზე განვიხილავთ თქვენს სიტუაციას, აგიხსნით შესაძლო გზებს და, საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ მომსახურების პირობებს.
რა დოკუმენტები უნდა წამოვიღო?
წამოიღეთ საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი: პირადობის მოწმობა, ხელშეკრულებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, შეტყობინებები, ოქმები და მიმოწერა. თუ დოკუმენტები არ გაქვთ, მაინც დაგვიკავშირდით — დაგეხმარებით მათ მოძიებაში.
რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი საქმე?
ყოველი საქმე ინდივიდუალურია. ზოგი საკითხი მოლაპარაკებით რამდენიმე კვირაში წყდება, სასამართლო დავამ კი შეიძლება თვეები ან მეტი დრო მოითხოვოს. ვადების რეალისტურ შეფასებას პირველივე კონსულტაციაზე მოგცემთ.
მუშაობთ შედეგზე დაფუძნებული ჰონორარით?
გარკვეული კატეგორიის საქმეებში — დიახ. ჰონორარის ფორმას და ოდენობას წინასწარ, წერილობით ვათანხმებთ, რომ ფარული ხარჯები არ იყოს.
რა ენებზე მუშაობთ?
კონსულტაციებს და წარმომადგენლობას გთავაზობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე — მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის.
სად წარმოგადგენთ სასამართლოში?
ვიცავთ კლიენტების ინტერესებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში — რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში — ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საგამოძიებო უწყებებში.
რას აკეთებს ადვოკატი?
ადვოკატი გაძლევთ სამართლებრივ რჩევას, ამზადებს დოკუმენტებს და წარმოგადგენთ მოლაპარაკებებზე, სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოში. სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატი იცავს ბრალდებულის უფლებებს საგამოძიებო ორგანოსთან პირველი კონტაქტიდან.
რა ღირს ადვოკატის მომსახურება?
ჰონორარი დამოკიდებულია საქმის სირთულესა და მოცულობაზე — შეიძლება იყოს ფიქსირებული, საათობრივი ან შედეგზე დაფუძნებული. კონსულტაცია 300 ₾-დან ღირს, ჰონორარს კი წინასწარ, წერილობით ვათანხმებთ.
შეიძლება ადვოკატთან ონლაინ კონსულტაცია?
დიახ. კონსულტაცია შესაძლებელია ოფისში, ტელეფონით, WhatsApp-ით ან ვიდეოზარით — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
სისხლის სამართალი
გვერდის ნახვაროდიდან მაქვს ადვოკატის უფლება?
დაკავების მომენტიდან ან ბრალდებულად ცნობიდან — და ნებისმიერ დაკითხვამდე. გაქვთ უფლება, არ მისცეთ ჩვენება და მოითხოვოთ ადვოკატის თანდასწრება.
რამდენ ხანს შეიძლება ვიყო დაკავებული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე?
დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა პირს ბრალი უნდა წაეყენოს, ხოლო მომდევნო 24 საათში ის სასამართლოს უნდა წარედგინოს. თუ ეს არ მოხდა, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
რა არის საპროცესო შეთანხმება?
ეს არის შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულს შორის ბრალეულობასა და სასჯელზე, რომელსაც ამტკიცებს სასამართლო. ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ნუ მოაწერთ ხელს რაიმე დოკუმენტს დამოუკიდებელი იურიდიული რჩევის გარეშე.
როდის უნდა მივმართო სისხლის სამართლის ადვოკატს?
რაც შეიძლება ადრე — საუკეთესოა, დაკითხვაზე დაბარებისთანავე, ჩხრეკის ან დაკავების დროს. ადვოკატის ადრეული ჩართვა ხშირად წყვეტს საქმის შედეგს: ადვოკატი დაგეხმარებათ, არ დაუშვათ შეცდომები ჩვენების მიცემისას და დაიცავს თქვენს უფლებებს მტკიცებულებების მოპოვებისას.
რა ღირს სისხლის სამართლის ადვოკატის მომსახურება?
ღირებულება დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, ეტაპსა და მოცულობაზე. კონსულტაცია 300 ₾-დან ღირს — შევაფასებთ საქმეს და ჰონორარს წინასწარ, წერილობით შეგითანხმებთ.
შემიძლია, უარი ვთქვა ჩვენების მიცემაზე?
დიახ. ბრალდებულს აქვს დუმილის უფლება — შეგიძლიათ, არ უპასუხოთ კითხვებს და ჯერ ადვოკატს გაესაუბროთ.
ახლობელს შეუძლია ჩემთვის ადვოკატის აყვანა?
დიახ. როცა ადამიანი დაკავებულია, ადვოკატს ხშირად ოჯახის წევრები პოულობენ. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე — გეტყვით, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში.
მეკუთვნის უფასო ადვოკატი?
თუ გადახდისუუნარო ხართ, ან საქმე სავალდებულო დაცვის შემთხვევაა (მაგალითად, არასრულწლოვანი ან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო) და კერძო ადვოკატი არ გყავთ, დაცვას სახელმწიფო აფინანსებს — იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით.
ნარკოტიკული დანაშაული
გვერდის ნახვანარკოტიკის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია?
პირველად — არა. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა: ჯარიმა 500-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი). თუ ადმინისტრაციული სახდელის შემდეგ იგივე განმეორდება, ქმედება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია (273-ე მუხლი). მარიხუანის მოხმარება დანაშაული არ არის, განმეორებითაც (273-ე მუხლის შენიშვნა). ჯარიმა მხოლოდ კანონში ჩამოთვლილ შემთხვევებშია — მაგალითად, საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან თუ მომხმარებელი 18 წლამდეა (45¹ მუხლი).
რა სასჯელია ნარკოტიკის შეძენისა და შენახვისთვის?
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით — თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე; დიდი ოდენობით ან სხვა დამამძიმებელი გარემოებისას — 5-დან 8 წლამდე; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ — 8-დან 20 წლამდე ან უვადო. ბევრი რამ ოდენობასა და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული.
მარიხუანისთვის დამსჯიან?
მცირე ოდენობით მარიხუანის შეძენა და შენახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა — 500 ლარის ჯარიმა. მოხმარება საჯარო ადგილას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან სასწავლო დაწესებულებასთან უფრო მაღალი ჯარიმით ისჯება. 5 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა (260-ე მუხლი) და გასაღება კი სისხლის სამართლის დანაშაულია.
შემიძლია უარი ვთქვა შემოწმებაზე?
შემოწმებისთვის თავის არიდება თავად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა — ჯარიმით 500-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე. სანამ რამეს გადაწყვეტთ, დაუკავშირდით ადვოკატს.
თუ ნებაყოფლობით ჩავაბარებ, პასუხს ვაგებ?
კანონით, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნივთიერებას, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუ მის ქმედებაში სხვა დანაშაული არ არის. ნებაყოფლობითად ითვლება მხოლოდ გამოძიების დაწყებამდე განცხადება და ამოღებაში აქტიური დახმარება.
კიდევ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს?
ნასამართლობის გარდა, გამამტყუნებელი განაჩენით 5 წლით ჩამოგერთმევათ მანქანის მართვის უფლება და გარკვეული სხვა უფლებებიც. სხვა უფლებების ვადა დანაშაულზეა დამოკიდებული: მოხმარებისთვის (273-ე მუხლი) — 5 წელი; შეძენა-შენახვისთვის (260-ე მუხლი) — საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 10 წლით, დანარჩენი 5 წლით (განმეორებით ჩადენისას — 15 და 10 წლით); გასაღებისთვის (260³ მუხლი) — 20 და 15 წლით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროსაც სასამართლო მართვის უფლებას 3 წლით ჩამოგართმევთ („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი).
კიბერდანაშაული
გვერდის ნახვარა ითვლება კიბერდანაშაულად?
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან დაზიანება და ასეთი ქმედებისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება. ინტერნეტით ჩადენილი თაღლითობა, გამოძალვა და მუქარაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ინტერნეტით მომატყუეს. შესაძლებელია ფულის დაბრუნება?
ზოგ შემთხვევაში — დიახ, განსაკუთრებით თუ სწრაფად იმოქმედებთ: დაუკავშირდით ბანკს, შეინახეთ ყველა მტკიცებულება და მიმართეთ ადვოკატს. ნუ ენდობით სერვისებს, რომლებიც ფულის დაბრუნებას წინასწარი გადახდის სანაცვლოდ გპირდებიან.
პირადი ფოტოებით მაშანტაჟებენ. რა ვქნა?
ნუ გადაიხდით და ნუ გააგრძელებთ მიმოწერას, მაგრამ არაფერი წაშალოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ადვოკატს — შანტაჟი და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.
შეუძლია პოლიციას ჩემი ტელეფონის ამოღება?
როგორც წესი, მოწყობილობის ამოღება და მისი შინაარსის შემოწმება სასამართლოს განჩინებით ხდება. სანამ რაიმე ოქმს მოაწერთ ხელს ან პაროლს გასცემთ, მიმართეთ ადვოკატს.
ქონებრივი დანაშაული
გვერდის ნახვარით განსხვავდება ქურდობა ძარცვისგან და ყაჩაღობისგან?
ქურდობა ფარული დაუფლებაა, ძარცვა — აშკარა, ანუ ხალხის თვალწინ, ხოლო ყაჩაღობა — თავდასხმა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან მისი მუქარით. სასჯელი ამ თანმიმდევრობით მკაცრდება.
რა არის მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობა?
ქონებრივ დანაშაულებში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 150 ლარზე მეტი ღირებულება, დიდ ოდენობად — 10 000 ლარზე მეტი. ორივე ამძიმებს სასჯელს.
ვალი ვერ დავაბრუნე. ეს თაღლითობაა?
არა ყოველთვის. თაღლითობისთვის საჭიროა, რომ მოტყუების განზრახვა თავიდანვე ყოფილიყო. თუ ვალდებულება უბრალოდ ვერ შესრულდა, ეს ხშირად სამოქალაქო დავაა.
თუ ზიანს ავანაზღაურებ, საქმე შეწყდება?
ზიანის ანაზღაურება საქმეს ავტომატურად არ წყვეტს, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს სასჯელზე, აღკვეთის ღონისძიებაზე ან საპროცესო შეთანხმების პირობებზე.
ეკონომიკური დანაშაული
გვერდის ნახვაგადასახადის ნებისმიერი დავალიანება დანაშაულია?
არა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისას, როცა თანხა 100 000 ლარს აღემატება. უმეტეს შემთხვევაში დავა საგადასახადო ორგანოსთან და სასამართლოში წყდება.
საგადასახადო მოთხოვნა მივიღე. რა ვქნა?
დაუყოვნებლივ მიმართეთ ადვოკატს. თუ მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღეში ძირითადი თანხა გადახდილია, გადავადებულია ან შესწორებულია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დგება.
რა არის ფულის გათეთრება?
უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა — მისი ნამდვილი წარმოშობის დასაფარად. სასჯელი — ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე, დამამძიმებელ გარემოებებში — თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 ან 9-დან 12 წლამდე.
კომპანიის დირექტორი ვარ. პასუხს მე ვაგებ?
ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ რა გადაწყვეტილებას იღებდა და რა იცოდა. ადვოკატი ამოწმებს, რამდენად სწორად არის პასუხისმგებლობა განაწილებული.
კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაული
გვერდის ნახვაქრთამი მომთხოვეს. რა ვქნა?
ნუ გადაიხდით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ადვოკატს. ქრთამის მიმცემი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ნებაყოფლობით განაცხადებს — ეს ნაბიჯი სწორად უნდა გადაიდგას.
რა სასჯელია ქრთამის აღებისთვის?
6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; დიდი ოდენობით (10 000 ლარზე მეტი) — 7-დან 11 წლამდე; განსაკუთრებით დიდი ოდენობით (30 000 ლარზე მეტი), არაერთგზის ან გამოძალვით — 11-დან 15 წლამდე.
ვინ ითვლება მოხელედ?
საჯარო მოსამსახურეები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ის თანამშრომლები, რომლებიც საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებენ.
ფარულად ჩამწერეს. ეს მტკიცებულებაა?
მხოლოდ თუ კანონით დადგენილი წესით, საჭირო ნებართვით მოიპოვეს. ამის შემოწმება დაცვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ძალადობრივი დანაშაული
გვერდის ნახვათავს ვიცავდი. პასუხს ვაგებ?
თუ ეს აუცილებელი მოგერიება იყო, ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ არ ითვლება. საკითხი ისაა, იყო თუ არა თავდაცვა აშკარად შეუსაბამო თავდასხმასთან. ამას ადვოკატი მტკიცებულებებით ასაბუთებს.
როგორ განისაზღვრება დაზიანების სიმძიმე?
სამედიცინო ექსპერტიზით. მსუბუქი, ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება სხვადასხვა მუხლით ისჯება: მსუბუქი — ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი 6 თვემდე, შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე; ნაკლებად მძიმე — გამასწორებელი სამუშაოთი 18 თვემდე, შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე; მძიმე — თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
ჩხუბი იყო და ორივე დავშავდით. რა ხდება?
ასეთ საქმეებში შეიძლება ორივე მხარე იყოს დაზარალებულიც და ბრალდებულიც. მნიშვნელოვანია, თქვენი ვერსია და მტკიცებულებები თავიდანვე სწორად დაფიქსირდეს.
რა სასჯელია მკვლელობისთვის?
განზრახ მკვლელობა 10-დან 15 წლამდე ისჯება, დამამძიმებელ გარემოებებში — 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
გვერდის ნახვაჩემს შვილს უფასო ადვოკატი ეკუთვნის?
დიახ. არასრულწლოვან ბრალდებულსა და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ ეტაპზე უფასო იურიდიული დახმარება ეკუთვნის, თუ კერძო ადვოკატი არ ჰყავს. მოწმეს — თუ გადახდისუუნაროა ან კანონით განსაზღვრულ ზოგიერთ საქმეზე.
რა ასაკიდან დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში?
14 წლიდან. 18 წლამდე პირებზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სპეციალური წესები.
რა არის განრიდება?
განრიდება საშუალებას აძლევს არასრულწლოვანს, თავიდან აიცილოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ შეასრულებს გარკვეულ პირობებს — მაგალითად, მედიაციას, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ან სარეაბილიტაციო პროგრამას. გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი.
ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია არასრულწლოვნის დაცვა?
არა. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატს, მოსამართლეს, პროკურორსა და გამომძიებელს სპეციალიზაცია უნდა ჰქონდეს.
სამოქალაქო სამართალი
გვერდის ნახვაროგორ არის მოწყობილი სასამართლოები სამოქალაქო საქმეებზე?
პირველი ინსტანცია — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; მეორე — თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები; საბოლოო, საკასაციო ინსტანცია — საქართველოს უზენაესი სასამართლო.
შესაძლებელია დავის მოგვარება სასამართლოს გარეშე?
დიახ — მოლაპარაკებით, მედიაციით ან არბიტრაჟით. ზოგიერთი კატეგორიის დავაზე (მაგ., გარკვეული საოჯახო, სამკვიდრო და მეზობლური დავები) სასამართლო მედიაცია შეიძლება სავალდებულო იყოს.
რა ვადაში უნდა წარვადგინო სარჩელი?
ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის სახეზეა დამოკიდებული: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ზოგადი ვადა 10 წელია, სახელშეკრულებო მოთხოვნებზე — 3 წელი, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე — 6 წელი. ზოგ მოთხოვნას უფრო მოკლე ვადა აქვს, ამიტომ ჯობს, დროულად მიმართოთ ადვოკატს.
ადმინისტრაციული სამართალი
გვერდის ნახვარა ვადაში შეიძლება ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრება?
როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში აქტის ოფიციალურად გაცნობიდან. ზოგ შემთხვევაში კანონი სხვა ვადას ადგენს, ამიტომ ზუსტი ვადა დაუყოვნებლივ გადაამოწმეთ.
ჯერ ადმინისტრაციული საჩივარი უნდა შევიტანო?
როგორც წესი, დიახ. სასამართლო სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ არ მიიღებს, თუ ჯერ ადმინისტრაციული საჩივარი არ შეგიტანიათ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი). საჩივარს, როგორც წესი, იმავე ორგანოში ზემდგომი თანამდებობის პირი განიხილავს, ხოლო თუ აქტი ორგანოს ხელმძღვანელმა გამოსცა — ზემდგომი ორგანო (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლი). ჩვენ შევაფასებთ, რა გზა გაქვთ თქვენს საქმეში.
შეიძლება ჯარიმის გასაჩივრება?
დიახ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში, კანონით დადგენილ მოკლე ვადებში.
საბაჟო საკითხები
გვერდის ნახვარამდენ ხანში უნდა გავასაჩივრო საბაჟოს გადაწყვეტილება?
ჩაბარებიდან 30 დღეში — შემოსავლების სამსახურში. მისი გადაწყვეტილება 20 დღეში საჩივრდება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
ამანათზე რა თანხიდან იხდის განბაჟებას?
300 ლარამდე და 30 კგ-მდე ამანათზე, როგორც წესი, გადასახადი არ არის. საკვებზე ცალკე წესი მოქმედებს, ხოლო ალკოჰოლზე, თამბაქოსა და სუნამოზე — შეზღუდვები და ლიმიტები. მეტზე იხდით დღგ-ს და, საქონლის მიხედვით, იმპორტის გადასახადს.
მანქანის იმპორტზე დღგ არის?
არა. მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის იმპორტი დღგ-ისგან თავისუფალია; იხდით აქციზს და იმპორტის გადასახადს.
შეიძლება საბაჟო ჯარიმა გაუქმდეს?
შეიძლება — თუ დარღვევა არ დასტურდება, ოქმი ხარვეზით შედგა ან შეცდომა არცოდნით მოხდა. ზოგ დარღვევაზე ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილებაც შეიძლება.
შრომითი დავები
გვერდის ნახვარა გავაკეთო, თუ უკანონოდ გამათავისუფლეს?
შეგიძლიათ დამსაქმებელს წერილობით მოსთხოვოთ გათავისუფლების საფუძვლის დასაბუთება და გაასაჩივროთ გათავისუფლება სასამართლოში — აღდგენის ან კომპენსაციის მოთხოვნით. ვადები მოკლეა (როგორც წესი, 30 კალენდარული დღე), ამიტომ ადვოკატს დაუყოვნებლივ მიმართეთ.
ზეპირი შრომითი ხელშეკრულება ნამდვილია?
ზეპირი ხელშეკრულება შესაძლებელია, თუმცა ერთ თვეზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმდეს.
ვის ვიცავთ — დასაქმებულს თუ დამსაქმებელს?
ორივეს. დასაქმებულებს ვეხმარებით უფლებების აღდგენაში, დამსაქმებლებს — დავების პრევენციასა და სასამართლოში წარმომადგენლობაში.
კორპორატიული სამართალი
გვერდის ნახვარამდენ ხანში რეგისტრირდება კომპანია საქართველოში?
სწორად მომზადებული დოკუმენტებით შპს-ის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც წესი, ერთ სამუშაო დღეში სრულდება.
შეუძლია უცხოელს ქართული კომპანიის 100%-ის ფლობა?
დიახ. უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ ქართული შპს-ის ერთადერთი დამფუძნებლები.
რომელი კანონი არეგულირებს კომპანიებს?
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (ახალი რედაქცია ძალაშია 2022 წლიდან).
უძრავი ქონება
გვერდის ნახვასად რეგისტრირდება საკუთრების უფლება?
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრაციით წარმოიშობა. რეესტრის ამონაწერი აჩვენებს მესაკუთრეს და ტვირთს (იპოთეკა, ყადაღა).
შეუძლიათ უცხოელებს საქართველოში ქონების ყიდვა?
დიახ. უცხოელებს შეუძლიათ თავისუფლად შეიძინონ ბინა, სახლი და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უცხოელებისთვის კანონით შეზღუდულია.
რა უნდა შევამოწმო ყიდვამდე?
რეესტრის ამონაწერი (მესაკუთრე, იპოთეკა, ყადაღა, აკრძალვა), გამყიდველის უფლებამოსილება, ახალ მშენებლობაზე — ნებართვები, ასევე კომუნალური და სხვა დავალიანებები.
საოჯახო სამართალი
გვერდის ნახვაშეიძლება განქორწინება სასამართლოს გარეშე?
დიახ — თუ ორივე მეუღლე თანახმაა და ბავშვებთან ან ქონებასთან დაკავშირებით დავა არ არსებობს, განქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს სამოქალაქო რეესტრში (იუსტიციის სახლის მეშვეობით). სხვა შემთხვევაში განქორწინებას სასამართლო წყვეტს.
როგორ იყოფა ქონება?
ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა და, როგორც წესი, თანაბრად იყოფა, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ქორწინებამდე არსებული, ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება პირადი საკუთრებაა.
როგორ განისაზღვრება ალიმენტი?
მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ არასრულწლოვანი შვილები. ალიმენტის ოდენობა დამოკიდებულია ბავშვის საჭიროებებსა და მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე — განისაზღვრება შეთანხმებით ან სასამართლოს მიერ.
მემკვიდრეობა
გვერდის ნახვარა ვადაში უნდა მივიღო მემკვიდრეობა?
სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში — როგორც წესი, გარდაცვალების დღიდან. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ნოტარიუსთან განცხადებით ან ქონების ფაქტობრივი ფლობით.
ვინ არიან პირველი რიგის მემკვიდრეები?
გარდაცვლილის შვილები (მათ შორის, შვილად აყვანილები), მეუღლე და მშობლები. ისინი სამკვიდროს თანაბარ წილებად იღებენ, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
რა მოხდება, თუ 6 თვის ვადა გავუშვი?
თუ ვადა საპატიო მიზეზით გაუშვით, სასამართლოს შეუძლია მისი გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანია, ფლობდით თუ არა ქონებას ფაქტობრივად. შევაფასებთ თქვენს შემთხვევას.
შეიძლება ანდერძის გასაჩივრება?
დიახ — მაგალითად, თუ დარღვეულია ანდერძის ფორმა ან ანდერძის შედგენისას მამკვიდრებელი ვერ აცნობიერებდა თავის მოქმედებას. გარდა ამისა, ზოგიერთ ახლო ნათესავს შეიძლება ჰქონდეს სავალდებულო წილის უფლება ანდერძის მიუხედავად.
ვაგებ თუ არა პასუხს გარდაცვლილის ვალებზე?
მემკვიდრე, როგორც წესი, ვალებზე პასუხს აგებს მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში. ამიტომ სამკვიდროს მიღებამდე ღირს ვალების შემოწმება — საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სამკვიდროზე უარის თქმა.
მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე გადასახადი უნდა გადავიხადო?
I და II რიგის მემკვიდრეები — შვილები, მეუღლე, მშობლები, და-ძმა — მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებულ ქონებაზე გადასახადს არ იხდიან. III და IV რიგის მემკვიდრეებს (ბებია-ბაბუა, ბიძა, მამიდა, დეიდა) წელიწადში 150 000 ლარამდე არ ეკისრებათ. დანარჩენ შემთხვევაში ქონების ღირებულება საშემოსავლო გადასახადით, 20%-ით იბეგრება.
შეიძლება მემკვიდრეობაზე უარის თქმა?
დიახ — 3 თვეში იმ დღიდან, როცა შეიტყვეთ, რომ მემკვიდრე ხართ, ნოტარიუსთან. უარი შეუქცევადია და ნაწილობრივ არ დაიშვება.
ინტელექტუალური საკუთრება
გვერდის ნახვასად რეგისტრირდება სასაქონლო ნიშანი საქართველოში?
საქპატენტში — საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. საერთაშორისო რეგისტრაცია შესაძლებელია მადრიდის სისტემით.
რამდენ ხანს მოქმედებს სასაქონლო ნიშნის დაცვა?
10 წელი საქპატენტში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველ ჯერზე 10 წლით, შეუზღუდავად (სასაქონლო ნიშნების კანონის მე-20 მუხლი).
საჭიროა საავტორო უფლების რეგისტრაცია?
არა — საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა. საქპატენტში ნაწარმოების დეპონირება ავტორობის დამტკიცებაში დაგეხმარებათ.
თაღლითობის საქმეები
გვერდის ნახვავალის დაუბრუნებლობა თაღლითობაა?
არა ყოველთვის. თაღლითობისთვის საჭიროა, რომ მოტყუების განზრახვა თავიდანვე ყოფილიყო. თუ ვალდებულება უბრალოდ ვერ შესრულდა, ეს ხშირად სამოქალაქო დავაა.
მომატყუეს — დავიბრუნებ თანხას?
შანსი მით მეტია, რაც უფრო ადრე იმოქმედებთ: განცხადება პოლიციაში, ქონებაზე ყადაღის მოთხოვნა და კომპენსაციის მექანიზმი. დიდი ოდენობის საქმეებში მსჯავრდებულს კომპენსაციის გადახდა ეკისრება, თუ დაზარალებული წერილობით უარს არ იტყვის.
რა სასჯელია თაღლითობისთვის?
ძირითად შემთხვევაში — ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე; დამამძიმებელი გარემოებებით — ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 ან 6-დან 9 წლამდე, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის — თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე.
ფინანსური დანაშაულის დაზარალებულები
გვერდის ნახვარომელ დანაშაულებზე ვრცელდება კომპენსაცია?
მაგალითად: დიდი ოდენობით თაღლითობა, გამოძალვა და მითვისება ან გაფლანგვა, 10 000 ლარზე მეტი ზიანით ნივთის დაზიანება, საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით კომპიუტერული დანაშაული.
მსჯავრდებული ქვეყნიდან წავა — რა ვქნა?
თუ ის საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, კომპენსაციის გადახდამდე საქართველოდან გასვლა აეკრძალება — თუ თქვენ წერილობით უარს არ იტყვით.
შემიძლია სამოქალაქო სარჩელიც შევიტანო?
დიახ. კომპენსაცია სამოქალაქო სარჩელის უფლებას არ გართმევთ — მხოლოდ უკვე მიღებულ ნაწილს ვეღარ მოითხოვთ ხელახლა.
საგადასახადო დავები
გვერდის ნახვარამდენი დღე მაქვს საგადასახადო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის?
30 დღე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან. საჩივარი, როგორც წესი, ელექტრონულად შეიტანება.
შეიძლება საგადასახადო დავალიანების შემცირება?
დიახ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით.
ნებისმიერი საგადასახადო დავალიანება დანაშაულია?
არა. დანაშაულია განზრახ თავის არიდება 100 000 ლარზე მეტ თანხაზე. ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა არ დგება, თუ 45 სამუშაო დღეში თანხა გადახდილია, გადავადებულია ან შესწორებულია.
ფულის გათეთრების საქმეები
გვერდის ნახვაბანკმა ოპერაცია შემიჩერა — რა ვქნა?
მოითხოვეთ წერილობითი განმარტება და მოამზადეთ თანხის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ საქმე გამოძიებამდე მივიდა, ადვოკატი დაუყოვნებლივ ჩაერთოს.
რა არის დაუსაბუთებელი ქონება?
ქონება, რომლის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს ან მის ახლობლებს არ აქვთ.
რა სასჯელია ფულის გათეთრებისთვის?
ძირითად შემთხვევაში — ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ — თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.
ანგარიშის ან ბარათის „გაქირავება“ საშიშია?
დიახ. თუ თქვენს ანგარიშზე სხვისი ფული შემოდის და მას გადარიცხავთ ან გამოიტანთ, შეიძლება თაღლითობის მონაწილედ ან ფულის გათეთრებაში ბრალდებულად აღმოჩნდეთ — მაშინაც, თუ „მხოლოდ საკომისიოს“ იღებდით.
ქონებაზე ყადაღა და ჩამორთმევა
გვერდის ნახვაჩემს ანგარიშს ყადაღა დაედო — რა ვქნა?
გაარკვიეთ, რომელი საქმის ფარგლებში და რა საფუძვლით. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს — ადვოკატს მაშინვე მიმართეთ.
შეიძლება ყადაღა დაედოს ოჯახის წევრის ქონებას?
შეიძლება, თუ ის ბრალდებულთან დაკავშირებულ პირად მიიჩნიეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დამტკიცდეს, რომ ქონება კანონიერად და დამოუკიდებლად არის მოპოვებული.
რა განსხვავებაა ყადაღასა და ჩამორთმევას შორის?
ყადაღა დროებითი ღონისძიებაა — ქონების განკარგვა იზღუდება. ჩამორთმევა კი საბოლოოა: ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეები
გვერდის ნახვაკერძო კომპანიის დირექტორიც აგებს პასუხს?
332-ე მუხლით — არა, მაგრამ შეიძლება 220-ე მუხლით, თუ უფლებამოსილება კომპანიის ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიზნით გამოიყენა და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ყოველი სამსახურებრივი შეცდომა დანაშაულია?
არა. საჭიროა უფლებების ან ინტერესების არსებითი დარღვევა, ხოლო ბოროტად გამოყენებისას — გამორჩენის ან უპირატესობის მიზანიც.
კონტრაბანდისა და საბაჟო საქმეები
გვერდის ნახვაყოველი საბაჟო დარღვევა დანაშაულია?
არა. ჩვეულებრივი საქონლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დიდი ოდენობა სჭირდება — საბაჟო ღირებულება 15 000 ლარზე მეტი (სამალავით შემოტანისას — 5 000 ლარზე მეტი). ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ წესის დარღვევით გადააქვთ კულტურული მემკვიდრეობა, ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობა, იარაღი, ფეთქებადი ან სხვა საშიში ნივთიერება (214-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები). უფრო მცირე დარღვევა, როგორც წესი, სხვა წესით ისჯება.
ოქროს ნივთის დეკლარირება დამავიწყდა — რა მელის?
ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობის წესის დარღვევით გადატანა 214-ე მუხლის ცალკე ნაწილით ისჯება. გარემოებები დიდ როლს თამაშობს — ადვოკატს მაშინვე მიმართეთ.
რა სასჯელია კონტრაბანდისთვის?
დიდი ოდენობით — ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე. არაერთგზის, მოხელის მიერ, ძალადობით ან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ — თავისუფლების აღკვეთა 8-დან 11 წლამდე; ორგანიზებული ჯგუფის მიერ — თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე.
დირექტორის პასუხისმგებლობა და გაკოტრება
გვერდის ნახვაშპს-ის ვალზე დირექტორი პირადად აგებს პასუხს?
ზოგადად — არა, კომპანია საკუთარი ქონებით აგებს პასუხს. მაგრამ დირექტორი შეიძლება აგებდეს პასუხს, თუ მოვალეობა დაარღვია და ამით ზიანი მიადგა, ან თუ სისხლის სამართლის დანაშაული დადგინდა.
კომპანია ვალებს ვეღარ ფარავს — რა ვქნა?
რაც შეიძლება ადრე შეაფასეთ სიტუაცია ადვოკატთან: შესაძლოა, რეაბილიტაცია ან კრედიტორებთან შეთანხმება უკეთესი იყოს, ვიდრე ლიკვიდაცია.
კრედიტორი ვარ — როგორ დავიცვა ჩემი მოთხოვნა?
მოთხოვნა დროულად უნდა დარეგისტრირდეს გადახდისუუნარობის საქმეში და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში უზრუნველყოფის ღონისძიება მოითხოვოთ.
ნარკოტიკის შეძენა-შენახვის საქმეები
გვერდის ნახვარამდენი გრამი მარიხუანაა დანაშაული?
5 გრამამდე (ჩათვლით) გამომშრალი მარიხუანა მცირე ოდენობაა — ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარი. 5 გრამზე მეტი უკვე 260-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეა; 70 გრამზე მეტი — დიდი ოდენობა, 250 გრამზე მეტი — განსაკუთრებით დიდი.
რა სასჯელია 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით?
თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. მე-2 ნაწილით — 5-დან 8 წლამდე, მე-3 ნაწილით — 8-დან 20 წლამდე ან უვადო.
რას ნიშნავს 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 ნაწილი?
260-ე მუხლს ახლა მხოლოდ 3 ნაწილი აქვს: 1-ლი — 6 წლამდე, მე-2 — 5-დან 8 წლამდე, მე-3 — 8-დან 20 წლამდე ან უვადო. თუ ძველ დოკუმენტში სხვა ნაწილია მითითებული, ეს მუხლის ძველი რედაქციაა — ადვოკატი შეამოწმებს, რომელი წესი ვრცელდება თქვენს საქმეზე.
ოდენობა შეფუთვით ან შემავსებლით ითვლება?
არა. კანონით ოდენობა ითვლება სუფთა ნივთიერებით, შემავსებლების გარეშე. ამიტომ ექსპერტიზის დასკვნის შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია.
ნასამართლობის მოხსნა
გვერდის ნახვაროგორ ავიღო ნასამართლობის ცნობა?
ცნობას შსს მომსახურების სააგენტო გასცემს — ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, ან ფილიალში; 20 ლარი, 3 სამუშაო დღე. საზღვარგარეთ წარსადგენად ცნობას, როგორც წესი, აპოსტილი სჭირდება. თუ ცნობაში ნასამართლობა ჯერ კიდევ ჩანს, შევამოწმებთ, გაქარწყლდა თუ არა და შეიძლება თუ არა მისი ვადამდე მოხსნა.
შეიძლება პირობითი მსჯავრის ვადამდე მოხსნა?
დიახ. გამოსაცდელი ვადის სულ მცირე ნახევრის შემდეგ, თუ ყოფაქცევით დაამტკიცეთ გამოსწორება, პრობაციის შუამდგომლობით კომისია პირობით მსჯავრს აუქმებს და ნასამართლობას გიხსნით (67-ე მუხლი).
როდის გამიქარწყლდება ნასამართლობა?
ეს სასჯელის სახესა და დანაშაულის კატეგორიაზეა დამოკიდებული: პირობითი მსჯავრისას — გამოსაცდელი ვადის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელისას — მოხდიდან 1 წლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთისას — მოხდიდან 3, 6 ან 8 წლის შემდეგ.
შეიძლება ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნა?
დიახ. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდით, თქვენი თხოვნით სასამართლოს შეუძლია ნასამართლობა ვადის გასვლამდე მოგიხსნათ.
რას ნიშნავს მოხსნილი ნასამართლობა?
გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა აღარ მიიღება მხედველობაში — მაგალითად, ახალი საქმის კვალიფიკაციისა და სასჯელის დანიშვნისას.
პირობით ვადამდე გათავისუფლება
გვერდის ნახვაროდის შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლება?
ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის — სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, მძიმესთვის — ორი მესამედის, განსაკუთრებით მძიმესთვის — სამი მეოთხედის. ყველა შემთხვევაში არანაკლებ 6 თვე უნდა იყოს მოხდილი.
ვინ წყვეტს?
თავისუფლების აღკვეთისას — სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო; სხვა სასჯელების შემთხვევაში — სასამართლო.
ოჯახს შეუძლია ადვოკატის აყვანა?
დიახ. ოჯახის წევრს შეუძლია დაგვიკავშირდეს; ჩვენ ვხვდებით მსჯავრდებულს და ვამზადებთ საქმეს.
ფინანსური პირამიდის და საინვესტიციო თაღლითობის საქმეები
გვერდის ნახვაფინანსურ პირამიდაში ფული დავკარგე — დავიბრუნებ?
შანსი მით მეტია, რაც უფრო ადრე მიმართავთ: განცხადება, ქონებაზე ყადაღა და კომპენსაციის მექანიზმი. დიდი ოდენობის თაღლითობისას მსჯავრდებულს კომპენსაციის გადახდა ეკისრება, თუ დაზარალებული წერილობით უარს არ იტყვის.
სქემაში მეგობრები მოვიყვანე — პასუხს ვაგებ?
თუ არ იცოდით, რომ სქემა მოტყუება იყო, ეს დაცვის მთავარი არგუმენტია. გამომძიებელთან ჩვენების მიცემამდე ადვოკატს მიმართეთ.
პლატფორმა საზღვარგარეთაა — რა შეიძლება გაკეთდეს?
საქართველოში შეიძლება საქმის აღძვრა, თუ დაზარალებული ან ფულის მიმღები აქ არის; საჭიროებისას გამოიყენება საერთაშორისო თანამშრომლობა. ბანკთან დროული მიმართვაც მნიშვნელოვანია.
დახმარება პირადი ფოტოებით შანტაჟისას
გვერდის ნახვათუ გადავიხდი, შეწყვეტენ?
გარანტია არ არის. გადახდა აჩვენებს, რომ ზეწოლა მუშაობს, და მოთხოვნები მატულობს. ჯობს, მტკიცებულებები შეინახოთ და მიმართოთ ადვოკატს და პოლიციას.
ფოტო უკვე გაავრცელეს — შეიძლება წაშლა?
დიახ. ვიყენებთ პლატფორმების წაშლის მექანიზმებს და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ გზებს. პარალელურად ვაგრძელებთ სისხლის სამართლის საქმეს.
ჩემი სახელი სადმე გამოჩნდება?
ვმუშაობთ სრული კონფიდენციალურობით. გამოძიებასა და სასამართლოში დაზარალებულის პირადი ცხოვრების დაცვის მექანიზმებიც არსებობს — ადვოკატი მათ გამოყენებას მოითხოვს.
ხანდაზმული სესხის საქმეები
გვერდის ნახვარამდენ ხანში ხდება სესხი ხანდაზმული?
სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, უძრავ ნივთთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა — 6 წელი. თუ ვალი სასამართლომ უკვე დაადასტურა — 10 წელი.
ხანდაზმული სესხი ავტომატურად უქმდება?
არა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს აქვს უფლება, უარი თქვას გადახდაზე, მაგრამ სასამართლოში ამაზე თავად უნდა მიუთითოს. სასამართლო ხანდაზმულობას საკუთარი ინიციატივით არ იყენებს.
კოლექტორმა მთხოვა მცირე თანხის გადახდა — რა ვქნა?
სანამ გადაიხდით, შეამოწმეთ ვადა. ნაწილის ან პროცენტის გადახდა და ვალის აღიარება ხანდაზმულობის ვადას თავიდან იწყებს.
ხანდაზმული სესხი საკრედიტო ისტორიაში რჩება?
როცა ბიუროში ვალს „ხანდაზმული მოთხოვნის“ სტატუსი მიენიჭება (სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით), გამსესხებლები მას თქვენი მონაცემებით 5 წელი ხედავენ. ამის შემდეგ ის თქვენს სახელზე აღარ ჩანს, თუმცა ბიურო ინფორმაციას მინიმუმ 35 წელი ინახავს (ეროვნული ბანკის №195/04 ბრძანება, მე-4 მუხლი).
შემაკავებელი და დამცავი ორდერის საქმეები
გვერდის ნახვარამდენ ხანს მოქმედებს შემაკავებელი ორდერი?
1 თვემდე. დამცავ ორდერს კი სასამართლო გამოსცემს 9 თვემდე და შეუძლია დამატებით 3 თვით გააგრძელოს.
შეიძლება შემაკავებელი ორდერის გასაჩივრება?
დიახ. მსხვერპლსაც და იმ პირსაც, ვის მიმართაც გაიცა, შეუძლია მისი გასაჩივრება ჩაბარებიდან 3 დღეში. ვადა ძალიან მოკლეა — ადვოკატს მაშინვე მიმართეთ.
რა ხდება ორდერის დარღვევისას?
ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია: ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე; არაერთგზის — თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე.
შერიგების შემდეგ ორდერი უქმდება?
ავტომატურად — არა. შეიძლება გაუქმდეს მხარეთა ერთობლივი მიმართვით, თუ მსხვერპლს ან ოჯახის სხვა წევრს საფრთხე აღარ ემუქრება.
ყადაღის მოხსნა ანგარიშზე და ქონებაზე
გვერდის ნახვაანგარიშზე ყადაღა დამადეს — როგორ გავიგო, რატომ?
ყადაღა სააღსრულებო საქმის ფარგლებში ედება. შეგვიძლია შევამოწმოთ საქმე, კრედიტორი და თანხა, და გითხრათ, რომელი გზით მოიხსნება ყველაზე სწრაფად.
ანგარიშზე „ინკასო“ დამადეს — რას ნიშნავს?
ეს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაა: შემოსავლების სამსახური აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას ანგარიშიდან ჩამოწერს. გადახდა მხოლოდ იმ თანხაზე ჩერდება, რომელიც აღიარებული არ არის და კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეთ (254-ე მუხლი). თუ გასაჩივრების ვადა გაუშვით, დავალიანება აღიარებულად ითვლება.
ხელფასსაც დამიყადაღებენ?
კანონით გადახდევინება ხელფასიდან და სხვა შემოსავლიდანაც შეიძლება, მაგრამ საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი და სახელმწიფო მიზნობრივი დახმარება ყადაღისგან დაცულია.
ძველ საქმეზე ყადაღა ისევ მოქმედებს — რა ვქნა?
თუ თანხის გადახდევინების საქმეზე წარმოების დაწყებიდან 10 წელი გავიდა, აღსრულება უნდა შეწყდეს და ყადაღა მოიხსნას — გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა, როგორიცაა ალიმენტი.
რა ვადაში უნდა გავასაჩივრო აღმასრულებლის ქმედება?
15 კალენდარულ დღეში ქმედების განხორციელებიდან — აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.
შეწყალება და ამნისტია
გვერდის ნახვარა განსხვავებაა შეწყალებასა და ამნისტიას შორის?
შეწყალებას პრეზიდენტი იყენებს კონკრეტული პირის მიმართ, თხოვნის საფუძველზე. ამნისტიას პარლამენტი აცხადებს კანონით და ის ყველას ეხება, ვინც კანონის პირობებს აკმაყოფილებს.
ვის შეუძლია შეწყალების თხოვნით მიმართვა?
თავად მსჯავრდებულს ან ნებისმიერ სხვა პირს — მაგალითად, ოჯახის წევრს ან ადვოკატს (შეწყალების წესის მე-3 მუხლი). საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური ამზადებს, გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.
უარის შემდეგ როდის შეიძლება ხელახლა მიმართვა?
გადაწყვეტილებიდან 6 თვის შემდეგ (შეწყალების წესის მე-7 მუხლი). თუ პრეზიდენტი შეწყალების განკარგულებას არ გამოსცემს, ეს უარად ითვლება.
არის ამნისტია მართვის მოწმობაზე?
2025 წლის 17 დეკემბრის №1344 კანონით, მას, ვინც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ან 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მართვის უფლება ერთჯერადად აღუდგება — ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, პრობაციის სააგენტოს კომისიის გადაწყვეტილებით, 2 თვეში.
არის თუ არა ამნისტია 2026 წელს?
ამნისტია მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ცხადდება. თუ ასეთი კანონი მიიღება, შევამოწმებთ, ვრცელდება თუ არა ის თქვენს მუხლსა და განაჩენზე.
მართვის უფლების შეჩერების საქმეები
გვერდის ნახვარამდენი ხნით ჩამომერთმევა მართვის მოწმობა ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის?
0,3-დან 0,7 პრომილემდე — 6 თვით, 0,7 პრომილეზე მეტისას ან შემოწმებაზე უარისას — 1 წლით. თუ მსუბუქი დაზიანებაც მოხდა — 3 წლით და 2 000 ლარის ჯარიმა.
გადაუხდელი ჯარიმის გამო მართვის უფლება შემიჩერდება?
დიახ, თუ ჯარიმა 115¹, 116-ე, 118-ე–118⁴, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე (გარდა მე-16 ნაწილისა) ან 127¹ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვისაა: მისი 30 დღეში, ხოლო შემდეგ საურავით კიდევ 30 დღეში გადაუხდელობისას მართვის უფლება ჩერდება.
შეიძლება გასაჩივრება?
დიახ. გადაწყვეტილება საჩივრდება ჩაბარებიდან 10 დღეში. ადვოკატი ამოწმებს შემოწმების წესს, ოქმს და ვიდეოჩანაწერებს.
ვადის გასვლის შემდეგ გამოცდა უნდა ჩავაბარო?
გადაუხდელი ჯარიმის გამო შეჩერებისას ვადის გასვლის შემდეგ უფლება აღდგება და გამოცდა სავალდებულო არ არის. სხვა შემთხვევებში წესი შეფასებულ უნდა იქნეს.
ჯარიმის გასაჩივრება
გვერდის ნახვარა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა?
დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღეში. თუ ვადა საპატიო მიზეზით გაუშვით, შეიძლება მისი აღდგენა მოითხოვოთ.
პარკირების ან ავტობუსის ზოლის ჯარიმაც საჩივრდება?
დიახ. ესეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა — მაგალითად, თბილისში პარკირების წესების დარღვევა 125²-ე მუხლით ისჯება — და დადგენილების გასაჩივრება ჩაბარებიდან 10 დღეში შეგიძლიათ.
გასაჩივრებისას ჯარიმის გადახდა მომიწევს?
ეს ჯარიმის სახეზეა დამოკიდებული: ზოგ საქმეზე დროულად შეტანილი საჩივარი აღსრულებას აჩერებს, ზოგზე — არა (272-ე მუხლი) — მაგალითად, ნასვამად მართვის (116-ე მუხლი) საქმეზე აღსრულება არ ჩერდება. თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ჯარიმა უნდა გადაიხადოთ.
ჩემი მანქანით სხვა მოძრაობდა — რა ვქნა?
ეს გასაჩივრების ხშირი საფუძველია. საჩივარში უნდა მიუთითოთ, ვინ მართავდა, და წარადგინოთ მტკიცებულებები.
მორალური ზიანის ანაზღაურება
გვერდის ნახვაროდის შეიძლება მორალური ზიანის მოთხოვნა?
მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში — მაგალითად, ჯანმრთელობის დაზიანებისას, პატივის, ღირსების ან პირადი ცხოვრების ბრალეული შელახვისას, უკანონო პატიმრობის ან მსჯავრდებისას.
რა თანხას მომისჯის სასამართლო?
ფიქსირებული ტარიფი არ არსებობს. სასამართლო განსაზღვრავს „გონივრულ და სამართლიან“ ოდენობას — დაზიანების სიმძიმის, ბრალის და პრაქტიკის მიხედვით.
უკანონოდ დამაპატიმრეს — ზიანის ანაზღაურება მეკუთვნის?
რეაბილიტირებულ პირს უკანონო მსჯავრდებით ან პატიმრობით მიყენებულ ზიანს სახელმწიფო უნაზღაურებს — თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
მამობის დადგენა
გვერდის ნახვაროგორ დგინდება მამობა სასამართლოში?
გენეტიკური ან ანთროპოლოგიური ექსპერტიზით. თუ ეს შეუძლებელია, სასამართლო ითვალისწინებს ერთად ცხოვრებას, ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას და მამობის აღიარების სხვა მტკიცებულებებს.
ვის შეუძლია მამობის დადგენის მოთხოვნა?
ერთ-ერთ მშობელს, ბავშვის მეურვეს, იმ პირს, ვის კმაყოფაზეც ბავშვია, ან თავად ბავშვს სრულწლოვანების შემდეგ.
შეიძლება ალიმენტის მოთხოვნაც?
დიახ. მამობის დადგენის შემდეგ ბავშვს იგივე უფლებები აქვს, რაც დაქორწინებული მშობლების შვილს — მათ შორის ალიმენტის მიღების უფლება.
ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა — თანხმობა და დავა
გვერდის ნახვაშემიძლია ბავშვი საზღვარგარეთ წავიყვანო მეორე მშობლის თანხმობის გარეშე?
კანონით 16 წლამდე ბავშვის დროებითი გასვლისთვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის ნებართვა და სრულწლოვნის თანხლება. მაგრამ პასპორტისთვის, როგორც წესი, ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო, ხოლო დავისას საკითხს სასამართლო წყვეტს.
მეორე მშობელი პასპორტზე თანხმობას არ იძლევა — რა ვქნა?
ზოგ შემთხვევაში ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია (მაგ., მეორე მშობლის ადგილსამყოფელი უცნობია და მისი მოძებნა ვერ ხერხდება, ან გასვლა მკურნალობისთვისაა საჭირო და მეორე მშობელი ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ უარს ამბობს). სხვა შემთხვევაში შეიძლება სასამართლოს მიმართოთ.
ბავშვი მეორე მშობელმა საზღვარგარეთ წაიყვანა და არ აბრუნებს — რა ვქნა?
თუ ის ჰააგის კონვენციის მონაწილე ქვეყანაშია, შეიძლება ბავშვის დაბრუნების მოთხოვნა. იმოქმედეთ სწრაფად — დრო ამ საქმეებში ძალიან მნიშვნელოვანია.
სამსახურიდან გათავისუფლების გასაჩივრება
გვერდის ნახვარა ვადაში უნდა გავასაჩივრო გათავისუფლება?
ძალიან მოკლე ვადებია: 30 დღეში მოითხოვეთ დასაბუთება, ხოლო მისი მიღებიდან 30 დღეში — სარჩელი. თუ დასაბუთება არ მოგითხოვიათ, სარჩელის ვადა 30 დღეა გათავისუფლების შეტყობინების მიღებიდან.
შეიძლება ორსული ქალის სამსახურიდან გათავისუფლება?
ორსულობის შესახებ შეტყობინებიდან დეკრეტული და ბავშვის მოვლის შვებულების დასრულებამდე გათავისუფლება დაუშვებელია — გარდა კანონით ჩამოთვლილი გამონაკლისებისა, მაგალითად, ხელშეკრულების ვადის გასვლის, საკუთარი განცხადების ან ვალდებულების უხეში დარღვევისა.
რა კომპენსაცია მეკუთვნის შტატების შემცირებისას?
30 დღით ადრე წერილობითი გაფრთხილებისას — არანაკლებ 1 თვის ხელფასი; 3 დღით ადრე გაფრთხილებისას — არანაკლებ 2 თვის ხელფასი. ამას ემატება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
გამოსაცდელ ვადაზე მყოფს შეუძლიათ დამითხოვონ?
დიახ. გამოსაცდელი ვადა (მაქსიმუმ 6 თვე) ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს და 48-ე მუხლის წესები არ ვრცელდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ნამუშევარი დრო კი ანაზღაურდება.
შრომითი უფლებების დაცვა — შვებულება, დეკრეტული, ხელფასი
გვერდის ნახვარამდენი დღე შვებულება მეკუთვნის?
წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი და სულ მცირე 15 კალენდარული დღე ანაზღაურების გარეშე. ხელშეკრულებით მეტი შეიძლება, ნაკლები — არა.
რამდენი ხნით გრძელდება დეკრეტული?
ორსულობისა და მშობიარობის გამო — 126 დღე (გართულებისას ან ტყუპისას — 143), შემდეგ ბავშვის მოვლის შვებულება. ჯამში ანაზღაურებადია 183 დღე (ან 200), რასაც სახელმწიფო იხდის.
ხელფასს მიგვიანებენ — რა ვქნა?
დაგვიანების ყოველ დღეზე დამსაქმებელი თანხის 0,07%-ს გიხდით. მოთხოვნა დამსაქმებელს წერილობით გაუგზავნეთ; თუ 14 დღეში ვერ შეთანხმდით, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ.
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება?
დიახ — გაზრდილი საათობრივი განაკვეთით, რომლის ოდენობაზეც მხარეები თანხმდებიან, ან შეთანხმებით დამატებითი დასვენების დროით. ორსულს, მეძუძურ დედას, 3 წლამდე ბავშვის მშობელს და არასრულწლოვანს ზეგანაკვეთურზე მათი თანხმობის გარეშე ვერ დაასაქმებენ.
მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა
გვერდის ნახვაროგორ გავიგო, ვარ თუ არა მოვალეთა რეესტრში?
ონლაინ, უფასოდ: my.gov.ge-ზე, „ძებნა მოვალეთა რეესტრში“ — სახელით და გვარით ან პირადი ნომრით. ოფიციალურ ამონაწერს აღსრულების ეროვნული ბიურო საფასურით გასცემს, მომდევნო სამუშაო დღეს.
რა არის აღსრულების ბიუროს ტელეფონის ნომერი?
აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ნომერია (+995 32) 2 749 649, ელფოსტა — info@nbe.gov.ge. რეესტრის გადამოწმება კი შეგიძლიათ ონლაინ, უფასოდ, my.gov.ge-ზე.
ვალი გადავიხადე — ავტომატურად ამოვიშლები?
ვალის სრულად გადახდა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია და ამორიცხვისთანავე ყველა შეზღუდვა იხსნება. თუ ჩანაწერი არ წაიშალა, უნდა მიმართოთ აღმასრულებელს — დაგეხმარებით.
რეესტრში ვარ — ბინის გაყიდვა შემიძლია?
მხოლოდ თანხმობით: ბიუჯეტის სასარგებლო საქმეზე — აღსრულების ეროვნული ბიუროს, სხვა საქმეებზე — ბიუროს და კრედიტორის თანხმობით.
ძალიან ძველ ვალზე ვარ რეესტრში — რა ვქნა?
თუ ფულადი მოთხოვნის აღსრულების დაწყებიდან 10 წელი გავიდა, აღსრულება უნდა შეწყდეს და რეესტრიდან ამორიცხვა მოხდეს — გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა, როგორიცაა ალიმენტი.
მეუღლეთა ქონების გაყოფის საქმეები
გვერდის ნახვაბინა ქმრის (ცოლის) სახელზეა — მაინც საერთოა?
თუ ქორწინების განმავლობაში შეიძინეთ, დიახ — ვისაც არ უნდა ერიცხებოდეს, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ქორწინებამდე შეძენილი ბინა იყოფა?
როგორც წესი, არა — ეს პირადი საკუთრებაა. მაგრამ თუ ქორწინებისას საერთო ხარჯით მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (რემონტი, მშენებლობის დასრულება), სასამართლომ შეიძლება ის საერთო ქონებად ცნოს.
რა ვადაში შეიძლება ქონების გაყოფის მოთხოვნა?
განქორწინების შემდეგ ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ვადის ათვლის მომენტი შეიძლება სადავო იყოს, ამიტომ ნუ დააყოვნებთ.
ვინ იხდის იპოთეკურ სესხს გაყოფის შემდეგ?
საერთო ვალები მეუღლეებს შორის საერთო ქონებაში მათი წილების პროპორციულად იყოფა. ბანკთან კი ხელშეკრულების პირობები მოქმედებს — ამიტომ ეს საკითხი შეთანხმებაში ან სარჩელში ცალკე უნდა გადაწყდეს.
ანდერძის შედგენა და გასაჩივრება
გვერდის ნახვახელით დაწერილი ანდერძი ნამდვილია?
დიახ — შინაურული ანდერძი ნამდვილია, თუ მოანდერძემ თავისი ხელით დაწერა და ხელი მოაწერა. თუმცა მისი გასაჩივრება უფრო ადვილია, ამიტომ სანოტარო ანდერძს გირჩევთ.
შეიძლება შვილს საერთოდ არაფერი დავუტოვო?
შვილებს, მშობლებს და მეუღლეს ანდერძის მიუხედავად ეკუთვნით სავალდებულო წილი — კანონით მისაღები წილის ნახევარი. გამონაკლისია, თუ მემკვიდრეს კანონით ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მაგალითად, როგორც უღირს მემკვიდრეს.
რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ანდერძი?
2 წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნიდან (1409-ე მუხლი). ეს ვადა არ ეხება მესაკუთრის სარჩელს, როცა მოანდერძემ სხვისი ქონება თავისად უანდერძა.
რამდენიმე ანდერძი არსებობს — რომელი მოქმედებს?
ახალი ანდერძი აუქმებს ძველს იმ ნაწილში, რომელიც მას ეწინააღმდეგება. სანოტარო ანდერძს კი უპირატესობა აქვს და მას სხვა ფორმის ანდერძით ვერ გააუქმებთ.
ვალის დაბრუნება
გვერდის ნახვავალი ხელწერილის გარეშე მივეცი — დავიბრუნებ?
შესაძლოა. მტკიცებულება შეიძლება იყოს საბანკო გადარიცხვა, მიმოწერა ან აუდიოჩანაწერი. მოწმე დაგეხმარებათ, მაგრამ ზეპირ სესხს მხოლოდ მოწმის ჩვენებით ვერ დაამტკიცებთ (სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი). რაც უფრო ადრე მოგვმართავთ, მით მეტ მტკიცებულებას შევინახავთ.
რა ვადაში უნდა მოვითხოვო ვალი?
ხანდაზმულობის ვადა 3 წელია — როგორც წესი, დაბრუნების ვადის გასვლიდან. ამის შემდეგ მოვალეს შეუძლია ხანდაზმულობაზე მიუთითოს და სასამართლო მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
რამდენი ჯდება სარჩელი?
სახელმწიფო ბაჟი, როგორც წესი, დავის თანხის 3%-ია, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და ფიზიკური პირისთვის არაუმეტეს 3 000 ლარისა. მაგისტრატ მოსამართლესთან ბაჟი ნახევარია, ხოლო სასამართლო მედიაციის დავაზე — 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი). თუ მოიგებთ, სასამართლო ხარჯებს, როგორც წესი, წაგებული მხარე აანაზღაურებს.
მოვალეს ქონება არ აქვს — რა ხდება?
გადაწყვეტილება აღსრულებაში იგზავნება და მოვალე მოვალეთა რეესტრში შედის: ახალ ქონებას ან ავტომობილს ვერ დაირეგისტრირებს ისე, რომ აღსრულების ბიურომ არ გაიგოს. თანხა შეიძლება ხელფასიდანაც დაიქვითოს.
ხელშეკრულების შედგენა და შემოწმება
გვერდის ნახვაზეპირი შეთანხმებაც ხელშეკრულებაა?
დიახ, თუ კანონი განსაზღვრულ ფორმას არ ითხოვს. მაგრამ ზეპირი შეთანხმების დამტკიცება რთულია. უძრავი ქონების შეძენა კი მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულებით და რეგისტრაციით შეიძლება.
ხელშეკრულება ნოტარიუსთან უნდა დავამოწმო?
ყოველთვის — არა. ნოტარიული დამოწმება ზოგ შემთხვევაში კანონით არის საჭირო, ზოგ შემთხვევაში კი სასარგებლოა: მაგალითად, თუ სესხის ხელშეკრულება ნოტარიუსმა დაამოწმა და მხარეები მასში სააღსრულებო ფურცელზე შეთანხმდნენ, ვადის დადგომის შემდეგ ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს და ვალის ამოღება სასამართლოს გარეშე შეიძლება (ნოტარიატის კანონის 38-ე მუხლი).
პირგასამტეხლო რამდენი შეიძლება იყოს?
მხარეები მას თავისუფლად განსაზღვრავენ, მაგრამ შეთანხმება წერილობით უნდა იყოს. თუ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლოს შეუძლია შეამციროს; სესხზე კი კანონით დაწესებულია ზღვარი.
ინგლისურ ენაზე ხელშეკრულება ნამდვილია?
დიახ, ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ ენაზე დაიდოს. საჯარო რეესტრში ან სასამართლოში წარდგენისას შეიძლება ქართული თარგმანი დაგჭირდეთ, ამიტომ ხშირად ორენოვან ტექსტს ვამზადებთ.
ოჯახის წევრისთვის აზარტული თამაშების აკრძალვა
გვერდის ნახვავის შეუძლია სასამართლოს მიმართოს?
მშობელს, მეუღლეს, შვილს ან იმ პირს, ვინც დამოკიდებულ პირთან მუდმივად ცხოვრობს.
რა ღირს და რამდენ ხანს გრძელდება?
განცხადება სახელმწიფო ბაჟისგან თავისუფალია. მოსამართლე ბრძანებას 3–5 სამუშაო დღეში გამოსცემს და ის მაშინვე შედის ძალაში.
ონლაინ კაზინოებზეც მოქმედებს აკრძალვა?
დიახ. აკრძალვა მოქმედებს კაზინოებზე, სათამაშო აპარატების სალონებზე, ტოტალიზატორზე და ინტერნეტით ორგანიზებულ თამაშებზე — თუ ორგანიზატორს საქართველოს ნებართვა აქვს.
შეუძლია თავად ადამიანს აიკრძალოს თამაში?
დიახ — განცხადებით შემოსავლების სამსახურში. ასევე 5 წლით შეიყვანენ სიაში.
ვის ეკრძალება თამაში კანონით?
საქართველოს მოქალაქეს 25 წლამდე, უცხოელს 18 წლამდე, ასევე საჯარო დაწესებულებებში, ეროვნულ ბანკსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს.
აზარტული თამაშის ვალები და ოჯახის ქონება
გვერდის ნახვამეუღლის თამაშის ვალს ჩვენი ბინიდან გადაახდევინებენ?
მხოლოდ მისი წილიდან. საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ფული ოჯახის საერთო ინტერესებს მოხმარდა. თამაშში წაგებული თანხა, როგორც წესი, ასეთი არ არის.
თამაშისთვის აღებული სესხი ბათილია?
თუ ბანკმა ან მიკროსაფინანსომ არ იცოდა, რომ ფული თამაშისთვის იყო, სესხი ჩვეულებრივი ვალია. თუ სესხი განზრახ თამაშისთვის გასცეს, მისი მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა, თუმცა უკვე დაბრუნებულ თანხას უკან ვერ მოითხოვთ (სამოქალაქო კოდექსის 951-ე მუხლი). ასევე შეიძლება შემცირდეს კანონზე მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო, ხოლო ხანდაზმული ვალის გადახდაზე შეგიძლიათ უარი თქვათ.
შვილის ვალზე მე ვაგებ პასუხს?
არა, თუ თავდები ან თანამსესხებელი არ ხართ. სრულწლოვანი შვილის ვალს მხოლოდ მისი ქონებიდან ახდევინებენ.
როგორ შევაჩერო ახალი ვალები?
ოჯახის წევრი სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს, რომ ის დამოკიდებულ პირთა სიაში შეიყვანონ — ამის შემდეგ 5 წლით ვერცერთ ლიცენზირებულ კაზინოსა და ტოტალიზატორზე ვერ ითამაშებს.
ბინის გირაო
გვერდის ნახვაბინის გირაო კანონიერია?
დიახ — კანონი პირდაპირ უშვებს, რომ საცხოვრებელი ბინა სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთოს, თუ ბინა გამსესხებელს საცხოვრებლად გადაეცემა. მთავარია, ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდეს და იპოთეკა რეესტრში დარეგისტრირდეს.
რა მოხდება, თუ მეპატრონე ფულს არ დამიბრუნებს?
თუ იპოთეკა დარეგისტრირებულია, თანხას ბინიდან აღსრულების წესით ამოიღებთ. თუ ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხა ვალს არ ფარავს, დანარჩენს ფიზიკური პირისგან, როგორც წესი, ვეღარ მოითხოვთ (301-ე მუხლი). რეგისტრაციის გარეშე ჩვეულებრივი კრედიტორი ხართ და სხვა კრედიტორებთან რიგში დგახართ.
ნოტარიუსი აუცილებელია?
დიახ. სესხის უზრუნველმყოფი იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიულად უნდა დამოწმდეს, იპოთეკა კი ძალაში მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით შედის.
ბინაზე უკვე ბანკის იპოთეკაა — შეიძლება გირაოთი შესვლა?
შეიძლება, მაგრამ ბანკს უპირატესობა ექნება: თანხა ჯერ მას დაუბრუნდება. ასეთ ბინაზე გირაოს წინააღმდეგ გირჩევთ ან დამატებითი დაცვის პირობებს.
ბინის ქირავნობის ხელშეკრულება
გვერდის ნახვაქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიუსთან უნდა დავამოწმო?
აუცილებელი არ არის. მაგრამ თუ ქირავნობის რეესტრში რეგისტრაცია გსურთ, ხელმოწერები უნდა დამოწმდეს ან ორივე მხარემ რეესტრში მოაწეროს ხელი.
ბინა გაიყიდა — უნდა გავიდე?
არა. თუ ბინა უკვე გადმოგეცათ, ახალი მესაკუთრე ქირავნობის ხელშეკრულებას აგრძელებს.
რა გადასახადს იხდის მეპატრონე?
საცხოვრებლად გაქირავებისას ფიზიკური პირი, რომელიც ხარჯებს არ აქვითებს, ქირის 5%-ს იხდის.
შეიძლება ხელშეკრულება ინგლისურად ან რუსულად?
დიახ. ჩვეულებრივ ორენოვან ტექსტს ვამზადებთ — ქართულს და ინგლისურს ან რუსულს — რეესტრისა და სასამართლოსთვის.
იპოთეკა
გვერდის ნახვაკერძო პირისგან სესხს ბინის იპოთეკით ავიღებ?
ფიზიკურ პირს კერძო გამსესხებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს, როგორც წესი, ვერ მისცემს — მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ან რეგისტრირებული გამსესხებელი. გამონაკლისია გირაო.
შეიძლება ბინა ავტომატურად კრედიტორის საკუთრებაში გადავიდეს?
არა. საკუთრების გადასვლა მხოლოდ მესაკუთრისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადებით შეიძლება; სხვა შემთხვევაში თანხა აღსრულების წესით ამოიღება.
მაღალი პროცენტი მაქვს სესხზე — რა ვქნა?
წლიური ეფექტური განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო პირგასამტეხლოსა და ჯარიმას კანონი ზღუდავს. კანონით დადგენილ ზღვარზე მეტ პირობას შეგიძლიათ შეედავოთ, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში — ხელშეკრულებას შევამოწმებთ.
მიწის რეგისტრაცია
გვერდის ნახვასისტემური რეგისტრაცია ისევ უფასოა?
არა. სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 1 იანვარს დასრულდა. ახლა მიწას საკუთარი განცხადებით, სპორადული წესით არეგისტრირებთ.
დოკუმენტი არ მაქვს — შემიძლია მიწის დარეგისტრირება?
შესაძლოა. კანონი ბევრ ძველ დოკუმენტს იღებს — საკომლო წიგნიდან მიწის გადასახადის სიამდე. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე მოწმის ჩვენებაც შეიძლება გამოდგეს.
რა ღირს მიწის რეგისტრაცია?
სპორადული წესით პირველადი რეგისტრაცია — 300 ლარი, პლუს აზომვა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარებით — 600 ლარი.
მეზობლის ნაკვეთი ჩემსას ედება — რა ვქნა?
ჯერ ნოტარიუსთან მედიაცია, 3 კვირაში. თუ ვერ შეთანხმდით, დავას სასამართლო წყვეტს. ვამზადებთ საზღვრის მტკიცებულებებს და გიცავთ.
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მშენებლობა
გვერდის ნახვაშეიძლება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახლის აშენება?
კერძო ნაკვეთზე — ხშირად დიახ, თუ ზონას ან გარშემო განაშენიანებას შეესაბამება. ჩამოყალიბებული განაშენიანების გარეთ, სადაც დეტალური გეგმა არ მოქმედებს, საცხოვრებელ სახლზე ნებართვა არ გაიცემა. შევამოწმებთ თქვენს ნაკვეთს.
ვინ ცვლის მიწის დანიშნულებას?
საჯარო რეესტრი — დასაბუთებული საჭიროების არსებობისას, წარდგენილი დოკუმენტებისა და თავისი მონაცემების საფუძველზე. საჭიროებისას ინფორმაციას სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს სთხოვს.
რა ღირს დანიშნულების შეცვლა?
რეგისტრაციის საფასური 150 ლარია. კომპენსაცია მხოლოდ თბილისში, ბათუმში (34 001 ლარი ჰექტარზე) და სპეციალური რეგულირების ტერიტორიებზე (100 000 ლარი ჰექტარზე) იხდიან.
მედიკამენტების შემოტანა საქართველოში
გვერდის ნახვაშემიძლია ლირიკის (პრეგაბალინის) შემოტანა?
დიახ, მკურნალობისთვის — სამედიცინო დოკუმენტით და საბაჟოზე დეკლარირებით. დოკუმენტის გარეშე სისხლის სამართლის საქმე შეიძლება დაიწყოს, რადგან პრეგაბალინი საქართველოში კონტროლირებადია.
საზღვარზე წამალი ამომართვეს — რა ვქნა?
ნუ მისცემთ ახსნა-განმარტებას ადვოკატის გარეშე და შეინახეთ ყველა დოკუმენტი. ჩვენ ვამოწმებთ, რა მუხლი გამოიყენება და ვცდილობთ საქმის დახურვას, თუ წამალი თქვენი მკურნალობისთვის იყო.
ტრანზიტით მივფრინავ — მეც მეხება?
დიახ. კანონი ტრანზიტით მიმავალ პირსაც ეხება: წამალი სამედიცინო და საბაჟო დოკუმენტებით უნდა გქონდეთ.
ლირიკა, ტრამადოლი და სხვა კონტროლირებადი წამლები
გვერდის ნახვარამდენი ლირიკაა დანაშაული?
პრეგაბალინის 0,6 გრამზე მეტი უკვე სისხლის სამართლის საქმეა, დიდი ოდენობა — 6 გრამზე მეტი. პრეგაბალინზე კონტროლი წამლის ფორმაზეც ვრცელდება და არა მხოლოდ სუფთა ნივთიერებაზე (№2 დანართის მე-5 შენიშვნა).
რეცეპტი მაქვს — მაინც დანაშაულია?
ექიმის დანიშნულებით და კანონიერად შეძენილი წამალი დანაშაული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ რეცეპტი და შეძენის დოკუმენტი შეინახოთ.
ტრამადოლზე რა სასჯელია?
ტრამადოლი ნარკოტიკული საშუალებაა, ამიტომ 260-ე მუხლი ვრცელდება. 1 გრამამდე — ადმინისტრაციული ჯარიმა 500-დან 2 000 ლარამდე ან პატიმრობა 60 დღემდე. 1 გრამზე მეტი — თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე; 80 გრამზე მეტი, ჯგუფურად ან არაერთგზის — თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე; 800 გრამზე მეტი ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ — თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ან უვადო.
ნარკოტიკის გასაღება და გადაცემა
გვერდის ნახვამეგობარს უფასოდ მივეცი — ესეც გასაღებაა?
უფასოდ გადაცემა ცალკე დანაშაულია (260²-ე მუხლი) — მარიხუანაზე 3-დან 8 წლამდე, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე 10-დან 15 წლამდე.
ნარკოტიკის ჩადებაც გასაღებაა?
საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ნივთიერების ღიად ან ფარულად განთავსება რეალიზაციის ხელშეწყობაა — 260⁴ მუხლი. სასჯელი იგივეა, რაც გასაღებაზე: მარიხუანაზე 5-დან 10 წლამდე, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე 12-დან 20 წლამდე ან უვადო.
რა სასჯელია მარიხუანის გასაღებისთვის?
რეალიზაცია (260³ მუხლი) — 5-დან 10 წლამდე; დამამძიმებელი გარემოებით — 6-დან 12 წლამდე; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ — 12-დან 17 წლამდე.
რა სასჯელია გასაღების მცდელობისთვის?
მცდელობა იმავე მუხლით ისჯება, მე-19 მუხლზე მითითებით, მაგრამ უვადო თავისუფლების აღკვეთა არ ინიშნება (56-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
რით განსხვავდება შენახვა გასაღებისგან?
შენახვა 260-ე მუხლით ისჯება, ბევრად მსუბუქად. გასაღებისთვის ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს გაყიდვა, გადაცემა ან გასაღების ხელშეწყობა — ამიტომ კვალიფიკაცია დაცვის მთავარი საკითხია.
რა უფლებები ერთმევა მსჯავრდებულს?
რეალიზაციისთვის (260³) — მართვის უფლება 5 წლით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 20 წლით, სხვა უფლებები 15 წლით. უფასოდ გადაცემისთვის (260²) — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 10 წლით, სხვა უფლებები 5 წლით. საპროცესო შეთანხმებით შეიძლება შემცირდეს.
ნარკოტესტი და შემოწმება
გვერდის ნახვაშემიძლია ნარკოტესტზე უარის თქმა?
უარი თავისთავად სამართალდარღვევაა — 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე პატიმრობა, ანუ იგივე, რაც მოხმარებაზე. მძღოლისთვის — 1 000 ლარი და მართვის უფლების შეჩერება 1 წლით.
დადებითი შედეგი არასწორია — რა ვქნა?
10 დღეში მოითხოვეთ დალუქული საკონტროლო ნიმუშის ალტერნატიული კვლევა და დაგვიკავშირდით — სასამართლოში შედეგის გასაჩივრებაც შეიძლება.
მართვის მოწმობას ჩამომართმევენ?
ნარკოტიკის მოხმარებისთვის დასჯილს სასამართლო მართვის უფლებას 3 წლით ართმევს.
კოკაინი, ექსტაზი და სხვა კლუბური ნარკოტიკები
გვერდის ნახვარამდენი გრამი კოკაინია დანაშაული?
0,06 გრამამდე მცირე ოდენობაა — ადმინისტრაციული საქმე. 0,06 გრამზე მეტი უკვე სისხლის სამართლის საქმეა, 0,6 გრამზე მეტი — დიდი ოდენობა (5-დან 8 წლამდე), 2 გრამზე მეტი — განსაკუთრებით დიდი (8-დან 20 წლამდე ან უვადო).
ექსტაზის რამდენი აბია დიდი ოდენობა?
დიდი ოდენობა MDMA-ს 0,5 გრამზე მეტია, ხოლო ერთ აბში MDMA-ს რაოდენობა განსხვავებულია — ამას ექსპერტიზა ადგენს. ამიტომ რამდენიმე აბიც შეიძლება დიდ ოდენობად ჩაითვალოს.
„სპაისი“ ან „ბიო“ რამდენი გრამია დანაშაული?
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერი ოდენობა სისხლის სამართლის დანაშაულია — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
უცხოელი ვარ — რა ხდება?
წესები ერთნაირია. გაქვთ უფლება თარჯიმანზე და ადვოკატზე; ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტს, რომელიც არ გესმით. ვმუშაობთ ინგლისურად და რუსულად.
ფრილანსერის გადასახადი და უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი
გვერდის ნახვაUpwork-იდან ან Fiverr-იდან მიღებულ თანხაზე გადასახადი უნდა გადავიხადო?
დიახ, თუ სამუშაოს საქართველოში ასრულებთ. ინდ. მეწარმეს მცირე ბიზნესის სტატუსით — 1%, რეგისტრაციის გარეშე — 20% წლიური დეკლარაციით.
როგორ დავრეგისტრირდე ინდ. მეწარმედ?
იუსტიციის სახლში — პირადობის მოწმობით და მისამართით. შემდეგ მცირე ბიზნესის სტატუსს შემოსავლების სამსახურს სთხოვთ, rs.ge-ზე.
რამდენია 1%-ის ლიმიტი?
500 000 ლარი წელიწადში. თუ გადააჭარბებთ, იმ თვიდან წლის ბოლომდე მთელი შემოსავალი 3%-ით იბეგრება; 2 წელი ზედიზედ გადაჭარბებისას სტატუსი უქმდება.
უცხოური კომპანიის ხელფასი 1%-ით შეიძლება დაიბეგროს?
არა. ხელფასი 1%-ში არ შედის. თუ რეალურად მომსახურებას უწევთ და არა დაქირავებით მუშაობთ, ეს ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს — ხელშეკრულებას ჩვენ ვამოწმებთ.
რა მოხდება, თუ წლიურ დეკლარაციას არ წარვადგენ?
ჯარიმა გადასახადის 5%-ია, 2 თვეზე მეტი დაგვიანებისას — 10%; დამატებით ყოველ დღეზე 0,05% საურავი.
საზღვარგარეთ მცხოვრებ დისტანციურ თანამშრომელს გადასახადი უნდა დავუკავო?
საზღვარგარეთ გაწეულ მომსახურებაზე, როგორც წესი, არა; მართვის და ფინანსურ მომსახურებაზე — 10%. ხელფასის შემთხვევა დეტალებზეა დამოკიდებული — დაგვიკავშირდით ხელშეკრულების დადებამდე.
ნასამართლობის ცნობა
გვერდის ნახვაროგორ ავიღო ნასამართლობის ცნობა ონლაინ?
შსს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, რეგისტრაციის შემდეგ. ფასი 20 ლარია, ვადა — 3 სამუშაო დღე.
რამდენ ხანს მოქმედებს ნასამართლობის ცნობა?
15 კალენდარული დღე.
შეიძლება ცნობის სხვისთვის აღება?
დიახ — თქვენი წერილობითი თანხმობით ან მინდობილობით.
ცნობაში ძველი ნასამართლობა ჩანს — რა ვქნა?
შევამოწმებთ, გაქარწყლდა თუ არა. თუ არა, შესაძლოა მისი ვადამდე მოხსნა სასამართლოს გზით.
შემიძლია ცნობის აღება საზღვარგარეთიდან?
დიახ — ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, ან წარმომადგენლის მეშვეობით მინდობილობით. სხვა ქვეყნისთვის ცნობას აპოსტილი და თარგმანი სჭირდება.
როდის ქარწყლდება ნასამართლობა?
პირობითი მსჯავრი — გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე; თავისუფლების აღკვეთა — მოხდიდან 3, 6 ან 8 წელში, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით; უფრო მსუბუქი სასჯელი — 1 წელში.
ექსტრადიცია საქართველოდან — დაცვა
გვერდის ნახვააძლევს საქართველო თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყანას?
არა, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდება. თუ დადგინდა, რომ ექსტრადიციის მიზნით დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, ის დაუყოვნებლივ თავისუფლდება.
რამდენ ხანს შეიძლება ვიყო ექსტრადიციულ პატიმრობაში?
3 თვე, გაგრძელებით — სულ არაუმეტეს 9 თვისა. შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი ღონისძიებაც, მაგალითად გირაო.
რა დანაშაულისთვის შეიძლება ექსტრადიცია?
იმ დანაშაულისთვის, რომელიც საქართველოშიც და მომთხოვნ ქვეყანაშიც სულ მცირე 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება; თუ პირი უკვე მსჯავრდებულია, მას სულ მცირე 4 თვე უნდა ჰქონდეს მისჯილი. საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება სხვა რამეს ითვალისწინებდეს (მე-18 მუხლი).
შეიძლება ექსტრადიციის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება ექსტრადიციის დასაშვებობაზე გამოცხადებიდან 7 დღეში საჩივრდება უზენაეს სასამართლოში. თუ სასამართლომ ექსტრადიცია დასაშვებად ცნო, საბოლოოდ იუსტიციის მინისტრი წყვეტს — მისი ბრძანება არ საჩივრდება. მინისტრს ჰუმანიტარული მიზეზით უარის თქმაც შეუძლია (34-ე მუხლი).
შეიძლება თავშესაფრის მოთხოვნა ექსტრადიციის დროს?
დიახ — 10 კალენდარულ დღეში ინფორმირებიდან. სანამ საქმე მიმდინარეობს, წარმოშობის ქვეყანაში გადაცემა არ შეიძლება — თუ სასამართლოში გამარტივებულ ექსტრადიციაზე თანხმობა არ განგიცხადებიათ.
სამკვიდროზე უარის თქმა
გვერდის ნახვარა ვადაში შეიძლება მემკვიდრეობაზე უარის თქმა?
3 თვეში იმ დღიდან, როცა შეიტყვეთ, რომ მემკვიდრე ხართ. საპატიო მიზეზით სასამართლოს შეუძლია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 2 თვით.
სად ფორმდება უარი?
ნოტარიუსთან. თუ საზღვარგარეთ ხართ, წარმომადგენელს შეგიძლიათ მისცეთ მინდობილობა, რომელშიც უარის თქმის უფლებამოსილება ცალკე წერია.
შეიძლება უარის უკან წაღება?
არა, უარი შეუქცევადია. მისი გასაჩივრება მხოლოდ 2 თვეში შეიძლება, თუ ამისთვის კანონიერი საფუძველი არსებობს.
თუ უარს ვიტყვი, მამკვიდრებლის ვალებს გადავიხდი?
არა — თუ სამკვიდროს არ იღებთ, მის ვალებზე პასუხს არ აგებთ. ვინც იღებს, პასუხს აგებს მხოლოდ მიღებული ქონების ფარგლებში.
შეიძლება მხოლოდ ბინაზე ვთქვა უარი და დანარჩენი მივიღო?
არა. ნაწილობრივ უარი არ დაიშვება. გამონაკლისებია: სასოფლო-სამეურნეო მიწა და ტექნიკა იმ მემკვიდრისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობას არ მისდევს; სხვადასხვა საფუძვლით კუთვნილი წილებიდან ერთის მიღება და მეორეზე უარი; შემატების უფლებით კუთვნილი ნაწილი.
შრომითი ხელშეკრულება
გვერდის ნახვაშრომითი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა იყოს?
თუ მუშაობა 1 თვეზე მეტხანს გრძელდება — დიახ. გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება ყოველთვის წერილობითია.
რამდენ ხანს შეიძლება გამოსაცდელი ვადა?
არაუმეტეს 6 თვისა და მხოლოდ ერთხელ. ამ ვადაში სამუშაო ანაზღაურდება.
ვადიანი ხელშეკრულება როდის ხდება უვადო?
თუ ის 30 თვეს აღემატება, ან ზედიზედ დადებული ვადიანი ხელშეკრულებები ჯამში 30 თვეზე მეტხანს გრძელდება (ზედიზედ ითვლება, თუ ახალი ხელშეკრულება 60 დღეში დაიდო). ასევე, თუ 1 წელზე ნაკლები ვადით დაიდო კანონიერი საფუძვლის გარეშე.
შეიძლება ინტერნეტიდან აღებული შაბლონის გამოყენება?
შეიძლება, მაგრამ შაბლონი ზოგად შემთხვევაზეა გათვლილი და ხშირად სწორედ ის პირობა აკლია, რომელიც დავის დროს დაგჭირდებათ. სჯობს, ხელშეკრულება თქვენს შეთანხმებაზე მოირგოს ან ხელმოწერამდე ადვოკატმა შეამოწმოს.
სესხის ხელშეკრულება
გვერდის ნახვაზეპირი სესხი ნამდვილია?
დიახ, მაგრამ მისი დამტკიცება მხოლოდ მოწმეებით არ შეიძლება. საჭიროა ხელწერილი, მიმოწერა ან გადარიცხვის დოკუმენტი.
მაქსიმუმ რა პროცენტი შეიძლება?
სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხზე უფრო მკაცრი ზღვარია.
სესხის ხელშეკრულება ნოტარიუსთან უნდა დავამოწმო?
აუცილებელი არ არის, თუ იპოთეკა არ არის. იპოთეკის ხელშეკრულება კი — იქ, სადაც კანონი იპოთეკას უშვებს — ნოტარიუსთან უნდა დამოწმდეს და დარეგისტრირდეს. გაითვალისწინეთ: ფიზიკური პირის ბინით ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის უზრუნველყოფა აკრძალულია, გარდა 286-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.
მომსახურებისა და ნარდობის ხელშეკრულება
გვერდის ნახვამომსახურების ხელშეკრულება წერილობით უნდა იყოს?
კანონი ამას ყოველთვის არ ითხოვს, მაგრამ დავის დროს ზეპირი შეთანხმების დამტკიცება რთულია. პირგასამტეხლო კი მხოლოდ წერილობით არის ნამდვილი.
მენარდემ ხარჯთაღრიცხვას გადააჭარბა — უნდა გადავიხადო?
როგორც წესი, მხოლოდ შეთანხმებული თანხა — თუ გადახარჯვის წინასწარ გათვალისწინება შესაძლებელი იყო. გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა გაცნობოთ.
ვის ეკუთვნის საიტი ან დიზაინი, რომელიც შევუკვეთე?
ეს ხელშეკრულებით უნდა მოწესრიგდეს. თუ უფლებების გადაცემა არ წერია, შეიძლება დავა წარმოიშვას — ამიტომ ეს პირობა აუცილებლად ჩაწერეთ.
ნასყიდობის ხელშეკრულება
გვერდის ნახვაროდის ვხდები ბინის მესაკუთრე?
საჯარო რეესტრში თქვენზე რეგისტრაციის მომენტიდან — ხელმოწერა ან თანხის გადახდა ამისთვის საკმარისი არ არის.
ნოტარიუსთან უნდა დავამოწმო?
კანონი ამას ყოველთვის არ ითხოვს — საკმარისია წერილობითი ხელშეკრულება და რეგისტრაცია. თუმცა მხარეების ვინაობისა და უფლებამოსილების შემოწმება რისკს ამცირებს.
რა ვქნა, თუ ნაყიდ ნივთს ნაკლი აღმოაჩნდა?
მოითხოვეთ ნაკლის გამოსწორება ან ახლით შეცვლა; თუ ეს არ ხდება — ფასის შემცირება ან ხელშეკრულების მოშლა (491–492-ე მუხლები).
ჩუქების ხელშეკრულება
გვერდის ნახვაროდის გადადის ბინა დასაჩუქრებულზე?
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
შეიძლება ჩუქების უკან წაღება?
მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში — მაგალითად, დასაჩუქრებულის დიდი უმადურობისას (1 წლის განმავლობაში) ან თუ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
შვილისთვის ბინის ჩუქებაზე გადასახადს ვიხდით?
არა. პირველი და მეორე რიგის ნათესავებს შორის ჩუქება გადასახადით არ იბეგრება.
საქორწინო ხელშეკრულება
გვერდის ნახვასაქორწინო ხელშეკრულება ნოტარიუსთან უნდა დავდოთ?
დიახ. ის წერილობით იდება და სანოტარო წესით მოწმდება.
შეიძლება ხელშეკრულების დადება უკვე დაქორწინებულებმა?
დიახ — ნებისმიერ დროს, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგაც. გამონაკლისი: თუ ერთ-ერთი მეუღლე მხარდაჭერის მიმღებია, ხელშეკრულება რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს (1172-ე მუხლი).
შეიძლება ალიმენტზე უარის ჩაწერა?
არა. საქორწინო ხელშეკრულებით ალიმენტის, ურთიერთრჩენისა და შვილების მიმართ მოვალეობების შეცვლა არ შეიძლება.
ამანათის განბაჟება
გვერდის ნახვარა ღირებულების ამანათზე იხდით განბაჟებას?
300 ლარზე მეტი ღირებულების ან 30 კგ-ზე მძიმე ამანათი. 300 ლარამდე და 30 კგ-მდე ამანათზე, როგორც წესი, გადასახადი არ არის. საკვებზე ცალკე წესი მოქმედებს, ხოლო ალკოჰოლზე, თამბაქოსა და სუნამოზე — შეზღუდვები და ლიმიტები.
300 ლარზე მეტისას მთელ თანხაზე ვიხდი?
ონლაინ შეძენილ ამანათზე — დიახ: თუ ზღვარს გადააჭარბებს, გადასახადი მთელ ღირებულებაზე ითვლება და არა მხოლოდ სხვაობაზე. ფიზიკური პირის მიერ საჩუქრად გამოგზავნილ ამანათზე კი 300 ლარის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ის ნივთები, რომლებიც ცალკე გამოგზავნისას გათავისუფლდებოდა; ერთი ნივთის ღირებულება არ იყოფა (საბაჟო კოდექსის 186-ე მუხლი).
როგორ გადავიხადო ამანათის განბაჟება?
დეკლარაციას კურიერი ავსებს თქვენი სახელით, თქვენი ღირებულების დეკლარაციისა და ინვოისის მიხედვით. გადასახადის გადახდის შემდეგ კურიერი ამანათს გადმოგცემთ.
საბაჟომ ჩემს ამანათს ღირებულება გაუზარდა — რა ვქნა?
წარადგინეთ ინვოისი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საბაჟო მაინც არ დაგეთანხმათ, გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 30 დღეში შეგიძლიათ გაასაჩივროთ.
ჩინეთიდან, ამერიკიდან, საბერძნეთიდან თუ თურქეთიდან — განსხვავება არის?
300 ლარისა და 30 კგ-ის წესი და 18%-იანი დღგ ყველა ქვეყნიდან ერთნაირია. განსხვავება მხოლოდ 300 ლარზე მეტ ამანათზე შეიძლება იყოს — იმ საქონელზე, რომელსაც 5 ან 12%-იანი იმპორტის გადასახადი აქვს: თუ საქონელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ქვეყანაშია წარმოებული (მაგალითად, ევროკავშირში, თურქეთში, ჩინეთში) და წარმოშობა დოკუმენტით დასტურდება, ეს გადასახადი შეიძლება არ გადაიხადოთ. მთავარია, სად არის საქონელი წარმოებული და არა — საიდან გამოიგზავნა. დღგ-ს ეს არ ცვლის.
მიტანის ღირებულებაც ითვლება?
კანონით, საქონლის საბაჟო ღირებულებაში შედის საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯიც (საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლი). ამიტომ, თუ შენაძენი 300 ლარს უახლოვდება, გაითვალისწინეთ მიტანის ფასიც — ამანათმა შეიძლება ზღვარს გადააჭარბოს.
ერთდროულად რამდენიმე ამანათი მომდის — ჯამდება?
300 ლარის ზღვარი თითოეულ გზავნილზე (სასაქონლო პარტიაზე) ვრცელდება და თითოეული გზავნილი ცალკე დეკლარაციით ფორმდება. საჩუქრად გამოგზავნილ ამანათზე შეღავათი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ ასეთი გზავნილები არარეგულარულია.
ამანათს ინვოისი სჭირდება?
ონლაინ ნაყიდ ამანათზე — დიახ: კურიერს ღირებულების დეკლარაციას ინვოისის (შეკვეთის ქვითრის) მიხედვით აწვდით და ინვოისი უნდა შეინახოთ, რადგან საბაჟომ შეიძლება მოგთხოვოთ. თუ ინვოისი არ არის და ღირებულება უცნობია, საბაჟოს შეუძლია ღირებულება ექსპერტიზით დაადგინოს.
შეიძლება ამანათის გამომგზავნისთვის დაბრუნება?
დიახ. სანამ ამანათი გაფორმდება და თქვენ გადმოგეცემათ, კურიერს მისი გამომგზავნისთვის დაბრუნება შეუძლია — დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტით. ეს კურიერთან შეათანხმეთ დროულად, დეკლარირების ვადის გასვლამდე. ონლაინ მაღაზიაში (მაგალითად, Temu-ზე) დაბრუნების პირობებს თავად მაღაზია ადგენს.
ავტომობილის განბაჟება
გვერდის ნახვარამდენი ჯდება მანქანის განბაჟება 2026 წელს?
აქციზი 0–6 წლის მარცხენასაჭიან მანქანაზე 1,50 ლარია 1 სმ³-ზე, უფრო ძველზე — 4,50. დაემატება იმპორტის გადასახადი: 0,05 ლარი 1 სმ³-ზე და 5% ყოველ წელზე. დღგ არ არის.
ვის ეკუთვნის ძველი ტარიფი?
მანქანას, რომელიც 2026 წლის 2 აპრილამდე აისახა შსს-ის ბაზაში, ან რომლის ტრანსპორტირებაც ამ თარიღამდე დაიწყო და ეს დოკუმენტით დასტურდება; სახმელეთოდ და თავისი სვლით შემოსულზე — შსს-ის ბაზაში 1 ივლისამდე ასახვით.
ჰიბრიდის და ელექტრომობილის განბაჟება რა ჯდება?
0–6 წლის მარცხენასაჭიან ჰიბრიდზე აქციზი 60%-ით ნაკლებია. მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი აქციზისგან და იმპორტის გადასახადისგან თავისუფალია; მარჯვენასაჭიანზე აქციზი 3 000 ლარია.
რეტრო მანქანის განბაჟება რა ჯდება?
კლასიკურ ავტომობილზე აქციზი 1,00 ლარია 1 სმ³-ზე, თუ მანქანა კლასიკურის პირობებს აკმაყოფილებს. სხვა შემთხვევაში 6 წელზე მეტი ასაკის მანქანის განაკვეთი — 4,50 ლარი — მოქმედებს.
ავტონაწილებს რა გადასახადი აქვს?
აქციზი არ არის, იმპორტის გადასახადი — 0% (გარდა 197-ე მუხლის სიებში შესული ნაწილებისა, მაგალითად, ზამბარების, ჭანჭიკებისა და გაყვანილობის კომპლექტების — 12% ან 5%), დღგ — 18%. 300 ლარამდე და 30 კგ-მდე პირად ამანათზე გადასახადი არ არის.
საბაჟო ჯარიმები და დავები
გვერდის ნახვარა ჯარიმაა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით?
დეკლარირების ან საქონლის წარდგენის ვადის დარღვევისთვის — 50 ლარი ყოველ დღეზე, მაქსიმუმ 1 000 ლარი. პირველ ჯერზე ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გაფრთხილება.
რა ჯარიმაა 167-ე და 168-ე მუხლებით?
167-ე: არასწორი მონაცემით შემცირებული გადასახდელის 100% (განმეორებით 200%); ფიზიკური პირის 3 000 ლარამდე საქონელზე (საფოსტო გზავნილის გარდა) — 40% (განმეორებით 100%). 168-ე: კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა — საქონლის ღირებულების 100% ან ჩამორთმევა; ფიზიკური პირის 3 000 ლარამდე საქონელზე — 1 000 ლარი ან/და საქონლის ან ავტომობილის ჩამორთმევა (განმეორებით — 3 000 ლარი ან/და ჩამორთმევა).
რა ვადაში უნდა გავასაჩივრო საბაჟო ოქმი?
ჩაბარებიდან 30 დღეში — შემოსავლების სამსახურში. მისი გადაწყვეტილება 20 დღეში საჩივრდება დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
როდის ხდება საბაჟო დარღვევა სისხლის სამართლის საქმე?
როცა საქონლის ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ხოლო სამალავით ან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით შემოტანისას — 5 000 ლარს. ასეთ დროს შეიძლება კონტრაბანდის ბრალი წაგიყენონ.
საქონლის იმპორტი ბიზნესისთვის
გვერდის ნახვარამდენია იმპორტის გადასახადი საქართველოში?
საქონლის უმეტესობაზე 0%; საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის სიაში შეტანილ საქონელზე — 5% ან 12%; ღვინოზე, სპირტიან სასმელებსა და ძმარზე — ლიტრზე ან ალკოჰოლის შემცველობაზე დაწესებული ევროს განაკვეთით; მსუბუქ ავტომობილზე — 0,05 ლარი ძრავის 1 სმ³-ზე, პლუს ამ თანხის 5% ექსპლუატაციის ყოველ წელზე. ამას ემატება დღგ — 18%, ზოგ საქონელზე — აქციზი.
სავალდებულოა საბაჟო ბროკერი?
არა. დეკლარაციის წარდგენა თავადაც შეგიძლიათ ან საბაჟო წარმომადგენლის მეშვეობით. ბროკერი პრაქტიკაში დროს ზოგავს, მაგრამ დეკლარაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ.
რამდენ ხანს შეიძლება ტვირთი საბაჟოზე იყოს?
დროებით შენახვაში — 30 დღე, რაც საბაჟოს შეუძლია 60 დღით გაზარდოს; საბაჟო საწყობში — 180 დღე. დაგვიანებისთვის ჯარიმა ყოველ დღეზე 50 ლარია, მაქსიმუმ 1 000 ლარი.
საბაჟომ ჩემი ტვირთის ღირებულება გაზარდა — რა ვქნა?
მოითხოვეთ დასაბუთება და წარადგინეთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 30 დღეში საჩივრდება შემოსავლების სამსახურში, შემდეგ — საბჭოში ან სასამართლოში.
სარჩელისა და საჩივრის მომზადება
გვერდის ნახვასარჩელის ფორმა სად ვიპოვო?
ზოგადი ფორმები ინტერნეტში მოიძებნება, მაგრამ ფორმა მხოლოდ ჩარჩოა — მოთხოვნა, ფაქტები და მტკიცებულებები თქვენ უნდა ჩაწეროთ. ჩვენ ვწერთ სარჩელს თქვენს საქმეზე.
რა ღირს სარჩელის შეტანა?
სახელმწიფო ბაჟი დავის სახესა და ოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენი მომსახურების ფასს საქმის გაცნობის შემდეგ გეტყვით.
ვადა გავიდა — კიდევ შეიძლება?
ეს საქმეზეა დამოკიდებული. დაგვიკავშირდით რაც შეიძლება მალე — შევამოწმებთ, რა გზა რჩება.
ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში
გვერდის ნახვარამდენი ნაფიცი მსაჯულია სასამართლოში?
როგორც წესი, 12 ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო მსაჯული. კოდექსი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, მაგრამ ნაფიცი მსაჯულები არ უნდა იყვნენ 6-ზე ნაკლები ნაკლებად მძიმე, 8-ზე ნაკლები — მძიმე და 10-ზე ნაკლები — განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე (საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი).
ყველა სისხლის სამართლის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ?
არა. მხოლოდ საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს — მაგალითად, დამთავრებულ განზრახ მკვლელობას (108-ე და 109-ე მუხლები), წამებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.
შემიძლია უარი ვთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე?
დიახ. ბრალდებულს შეუძლია მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიცი მსაჯულების გარეშე, მოსამართლემ განიხილოს (226-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ადვოკატი სავალდებულოა?
დიახ. თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, დაცვა სავალდებულოა (45-ე მუხლი). თუ კერძო ადვოკატი არ გყავთ, დაცვას სახელმწიფო აფინანსებს (46-ე მუხლი).
ერთხმად უნდა გამოიტანონ ვერდიქტი?
დიახ, ჯერ ერთხმად. თუ 4 საათში ვერ შეთანხმდნენ, მომდევნო 8 საათში გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება: 11 ან 12 მსაჯულის შემთხვევაში — 8 ხმით, 10-ის — 7 ხმით, 9-ის — 6 ხმით, 8-ის — 5 ხმით, 7-ის ან 6-ის — 4 ხმით (261-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
შეიძლება ნაფიც მსაჯულთა განაჩენის გასაჩივრება?
გამამართლებელი განაჩენი არ საჩივრდება. გამამტყუნებელი — ერთხელ, სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ 266-ე მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლებით.
მოწმის უფლებები და ადვოკატი
გვერდის ნახვადაკითხვაზე დამიბარეს — რა ვქნა?
ჯერ გაარკვიეთ, ვინ და რა სტატუსით გიბარებთ: გამოძიების დროს გამოკითხვა ნებაყოფლობითია, მოსამართლესთან დაკითხვა კი სავალდებულოა. ადვოკატთან ერთად მისვლა შეგიძლიათ, საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ კი ჩვენების მიცემა არ გევალებათ.
ვალდებული ვარ, გამოკითხვაზე მივიდე?
არა — გამოკითხვა ნებაყოფლობითია (113-ე მუხლი). თუ უარს იტყვით, მხარეს შეუძლია მოითხოვოს თქვენი დაკითხვა მაგისტრატ მოსამართლესთან, სადაც ჩვენების მიცემა სავალდებულოა (114-ე მუხლი).
შემიძლია ადვოკატთან ერთად მივიდე?
დიახ. გამოკითხვისას და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას უფლება გაქვთ, საკუთარი ხარჯით ისარგებლოთ ადვოკატის მომსახურებით (113-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 114-ე მუხლის მე-11 ნაწილი).
შემიძლია, არ მივცე ჩვენება ახლობლის წინააღმდეგ?
მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც მას ან მის ახლო ნათესავს დანაშაულის ჩადენაში ამხელს (49-ე მუხლი). ბრალდებულის ახლო ნათესავი საერთოდ არ არის ვალდებული, იყოს მოწმე (50-ე მუხლი).
რა მოხდება, თუ სასამართლოში არ გამოვცხადდები?
სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს; გამოუცხადებლობისას შეიძლება იძულებით მიიყვანონ (49-ე და 149-ე მუხლები).
რა სასჯელია ჩვენებაზე უარისთვის?
ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაო 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი). პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩვენებაზე უარი თქვა საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ.
დაზარალებულის უფლებები და ადვოკატი
გვერდის ნახვაროგორ ვიქნე დაზარალებულად ცნობილი?
პროკურორს განცხადებით მიმართავთ. თუ 48 საათში არ დააკმაყოფილა, ერთხელ მიმართავთ ზემდგომ პროკურორს, ხოლო მისი უარის შემდეგ — რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს (56-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
შემიძლია საქმის მასალების ნახვა?
დიახ, თუ ეს გამოძიების ინტერესებს არ ეწინააღმდეგება; წინასასამართლო სხდომამდე კი არაუგვიანეს 10 დღისა (57-ე მუხლი).
რა ვქნა, თუ პროკურორმა საქმე შეწყვიტა?
შეწყვეტის დადგენილება ერთხელ საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან; ზოგიერთ საქმეზე — მაგალითად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე — შემდეგ სასამართლოშიც (106-ე მუხლის 1¹ ნაწილი).
შემიძლია განაჩენი გავასაჩივრო?
სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებას კოდექსი ანიჭებს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს და მის ადვოკატს (292-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დაზარალებული ამ ჩამონათვალში არ არის.
ზიანს ვინ ამინაზღაურებს?
დაზარალებულს უფლება აქვს, კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია — დანაშაულით პირდაპირ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება (57-ე მუხლი, მე-3 მუხლის 22² პუნქტი).
განაჩენის გასაჩივრება
გვერდის ნახვარა ვადაში შემიძლია განაჩენის გასაჩივრება?
სააპელაციო საჩივარი განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვეში შედის განაჩენის გამომტან სასამართლოში (293-ე მუხლი). საკასაციო საჩივრის ვადაც 1 თვეა — სააპელაციო განაჩენის გამოცხადებიდან (302-ე მუხლი).
საჩივარი აჩერებს განაჩენის აღსრულებას?
არა. სააპელაციო საჩივრის შეტანა განაჩენის აღსრულებას არ აჩერებს (293-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
შეიძლება ჩემი საჩივრის შემდეგ სასჯელი გამკაცრდეს?
თუ საქმე მხოლოდ თქვენი ან თქვენი ადვოკატის საჩივრით განიხილება და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია — არა (298-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
შეიძლება ახალი მტკიცებულების წარდგენა?
დიახ, თუ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პირველ ინსტანციაში მისი წარდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო (297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენიც ასე საჩივრდება?
არა. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია (292-ე მუხლის მე-4 ნაწილი); გამამტყუნებელი განაჩენი საჩივრდება 266-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
გვერდის ნახვაშეიძლება კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლა?
დიახ — თუ არსებობს 310-ე მუხლით ჩამოთვლილი რომელიმე საფუძველი. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია განაჩენი შეცვალოს ან გააუქმოს და ახალი განაჩენი დაადგინოს (314-ე მუხლი).
რა ვადაში შეიძლება გადასინჯვის მოთხოვნა?
ვადა შეუზღუდავია, გარდა ევროპული სასამართლოს ან გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული შუამდგომლობისა — ამ დროს ვადა 1 წელია (311-ე მუხლი).
ვის შეუძლია შუამდგომლობის დაყენება?
პროკურორს, მსჯავრდებულს და მის ადვოკატს; მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში — მის კანონიერ მემკვიდრეს და მის ადვოკატს (312-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
შუამდგომლობა აჩერებს სასჯელის აღსრულებას?
არა (312-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
ახალმა კანონმა სასჯელი შეამსუბუქა — შეიძლება გადასინჯვა?
დიახ. ახალი კანონი, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რისთვისაც მსჯავრი დაედო, გადასინჯვის ერთ-ერთი საფუძველია (310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი).
განრიდება
გვერდის ნახვარომელ დანაშაულებზეა შესაძლებელი განრიდება?
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის საქმეზე, გარდა 168¹ მუხლის მე-2 ნაწილით გამორიცხული დანაშაულებისა (168¹ მუხლი).
რამდენი უნდა გადავიხადო?
თუ პირობად ბიუჯეტში თანხის გადახდა შეირჩა, მისი მინიმუმი 500 ლარია (168¹ მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი). შეიძლება სხვა პირობაც — მაგალითად, ზიანის ანაზღაურება ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.
ვალდებული ვარ, დავთანხმდე?
არა. პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის ყველა უფლება გრჩებათ (168² მუხლის მე-2 ნაწილი). თუ პირობებს არ შეასრულებთ, პროკურორს შეუძლია დევნა დაიწყოს ან განაახლოს (168¹ მუხლის მე-3 ნაწილი).
შესაძლებელია განრიდება, თუ პატიმრობაში ვარ?
არა. განრიდება არ გამოიყენება ბრალდებულზე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული (168² მუხლის მე-5 ნაწილი).
საქმე უკვე სასამართლოშია — გვიანაა?
განრიდება, როგორც წესი, წინასასამართლო სხდომამდე გამოიყენება, მაგრამ მის შემდეგაც შესაძლებელია, თუ მხარეები სასამართლოს საქმის პროკურორისთვის დაბრუნებას სთხოვენ (168² მუხლის მე-4 ნაწილი).
ფრენის კომპენსაცია
გვერდის ნახვარა ოდენობის კომპენსაცია მეკუთვნის?
ფრენის მანძილის მიხედვით: 250 ევრო — 1500 კმ-მდე, 400 ევრო — 1500-დან 3500 კმ-მდე, 600 ევრო — 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე (№122 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი).
რამდენი საათის დაგვიანებისას მეკუთვნის კომპენსაცია?
თუ დანიშნულების პუნქტში სულ მცირე 3 საათით გვიან ჩაფრინდით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავიაკომპანია დაამტკიცებს განსაკუთრებულ ვითარებას (მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი).
ფრენა 2 კვირით ადრე გააუქმეს — კომპენსაცია მეკუთვნის?
არა, თუ გაუქმების შესახებ ფრენამდე სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე გაცნობეს. ბილეთის ანაზღაურების ან ალტერნატიული მარშრუტის უფლება მაინც გაქვთ (მე-5 და მე-8 მუხლები).
ამინდის გამო გაუქმებულ ფრენაზე რა მეკუთვნის?
თუ ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ეს განსაკუთრებული ვითარება იყო, კომპენსაციას არ გადაიხდის. დახმარების — კვების, სასტუმროს, ბილეთის ანაზღაურების ან ალტერნატიული მარშრუტის — ვალდებულება კი რჩება (მე-5 მუხლი).
რა ვადაში უნდა დამიბრუნონ ბილეთის თანხა?
ფრენის დღიდან 7 დღეში, იმ ფასით, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ (მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).
საქართველოდან უკვე წავედი — შემიძლია კომპენსაციის მოთხოვნა?
დიახ. ადვოკატს შეუძლია თქვენი წარმომადგენლობა მინდობილობით — მოთხოვნის წარდგენა, სააგენტოსთვის მიმართვა და სასამართლო.
მოქმედი ბიზნესის ყიდვა
გვერდის ნახვაროდის ვხდები კომპანიის მფლობელი?
მაშინ, როცა მარეგისტრირებელი ორგანო წილს თქვენს სახელზე დაარეგისტრირებს — არა ხელშეკრულების ხელმოწერისას (მეწარმეთა შესახებ კანონის 141-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
კომპანიის ძველი ვალები ჩემი ხდება?
კომპანიის ვალდებულებები კომპანიას რჩება, რადგან ის იურიდიული პირია და იცვლება მხოლოდ პარტნიორი. წილთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე კი კომპანიის წინაშე სოლიდარულად აგებთ პასუხს თქვენც და გამყიდველიც, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (141-ე მუხლი).
სხვა პარტნიორების თანხმობა საჭიროა?
ზოგადი წესით — არა, მაგრამ წესდებით წილის გასხვისება შეიძლება შეიზღუდოს ან თანხმობაზე იყოს დამოკიდებული (141-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები).
ინდმეწარმის ბიზნესის ყიდვა შეიძლება?
ინდმეწარმე იურიდიული პირი არ არის და წილი არ აქვს (მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი). შეგიძლიათ შეიძინოთ მისი ქონება და უფლებები ცალ-ცალკე ხელშეკრულებებით.
უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია
გვერდის ნახვაფილიალი თუ შპს — რა განსხვავებაა?
შპს იურიდიული პირია (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი), ფილიალი კი იურიდიული პირი არ არის — ის უცხოური კომპანიის ნაწილია (მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი).
შეიძლება ფილიალს განსხვავებული სახელი ჰქონდეს?
დიახ. ფილიალის სახელწოდება შეიძლება იყოს კომპანიის სახელწოდება სიტყვით „ფილიალი“, ან განსხვავებული სახელწოდება (მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი).
უცხოური დოკუმენტები როგორ უნდა იყოს დამოწმებული?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ფორმით (მე-15 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები). დამოწმების კონკრეტული წესი დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქვეყანაშია დოკუმენტი გაცემული.
რა ემართება ფილიალს, თუ კომპანია ლიკვიდირდა?
კომპანიის არსებობის შეწყვეტით წყდება ფილიალის არსებობაც (მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი). ლიკვიდაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ ფილიალის ხელმძღვანელმა რეესტრს უნდა აცნობოს (მე-8 პუნქტი).
იურიდიული მისამართის შეცვლა
გვერდის ნახვარა შეიძლება იყოს იურიდიული მისამართი?
კანონით, ეს უნდა იყოს ფიზიკური მისამართი საქართველოში (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი).
ოფისი შევიცვალეთ — მისამართის შეცვლა სავალდებულოა?
იურიდიული მისამართი რეესტრში რეგისტრირებული მონაცემია და მისი ცვლილება რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს (მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი).
ვინ ითხოვს მისამართის შეცვლას?
კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი — მაგალითად, დირექტორი, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი).
შემოსავლების სამსახურის წერილი ძველ მისამართზე მივიდა — რა ხდება?
კომპანიისთვის დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, მათ შორის, თუ ის იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ჩაბარდა (საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი). ამიტომ რეესტრში მისამართი ყოველთვის უნდა იყოს სწორი. ასეთ შემთხვევაში დაგვიკავშირდით — ვადები შეიძლება უკვე მიმდინარეობდეს.
მარიხუანის შენახვა, გასაღება და მოყვანა
გვერდის ნახვა5 გრამი მარიხუანა დანაშაულია?
არა. 5 გრამამდე (ჩათვლით) გამომშრალი მარიხუანის შეძენა ან შენახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა — 500 ლარი. 5 გრამზე მეტი უკვე სისხლის სამართლის საქმეა (260-ე მუხლი).
რა სასჯელია მარიხუანას შეძენა-შენახვაზე?
5 გრამზე მეტზე — თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე; 70 გრამზე მეტზე — 5-დან 8 წლამდე; 250 გრამზე მეტზე — 8-დან 20 წლამდე ან უვადო.
მეგობრისთვის მიცემა გასაღებაა?
უფასოდ მიცემა გადაცემაა — 260² მუხლი, 3-დან 8 წლამდე. ფულის სანაცვლოდ მიცემა რეალიზაციაა — 260³ მუხლი, 5-დან 10 წლამდე.
CBD ლეგალურია საქართველოში?
CBD (კანაბიდიოლი) ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში არ არის. თუ პროდუქტი THC-ს შეიცავს, ოდენობა THC-ის მიხედვით ითვლება, მცირე ოდენობა კი 0,05 გრამამდეა.
ერთი ძირი კანაფის მოყვანაც დანაშაულია?
კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება 265¹ მუხლით ისჯება და მუხლი მინიმალურ ოდენობას არ ადგენს. სასჯელი ჯარიმიდან იწყება.
რამდენ ხანს ჩანს მარიხუანა შარდში?
ეს სამედიცინო საკითხია და კანონი ვადას არ ადგენს. შემოწმების წესებსა და უარის შედეგებზე იხილეთ ჩვენი გვერდი ნარკოტესტზე.
ბრალდებულის უფლებები
გვერდის ნახვაშეუძლია ბრალდებულს დუმილი?
დიახ, ნებისმიერ დროს. დუმილი ბრალეულობის მტკიცებულებად არ შეიძლება შეფასდეს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
რამდენ ხანში უნდა წარმადგინონ სასამართლოში?
დაკავებიდან 48 საათში პროკურორმა მოსამართლეს შუამდგომლობა უნდა წარუდგინოს, მომდევნო 24 საათში კი პირველი წარდგენის სხდომა იმართება. თუ 48 საათში შუამდგომლობას არ წარადგენენ, დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.
ადვოკატის ფული არ მაქვს — რა ვქნა?
თუ უქონელი ხართ, ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაგენიშნებათ (38-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
სავალდებულოა ადვოკატი საპროცესო შეთანხმებისას?
დიახ. თუ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ბრალდებულს ადვოკატი სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს (45-ე მუხლი).
ადვოკატის ონლაინ კონსულტაცია
გვერდის ნახვაშეიძლება ადვოკატთან კონსულტაცია ონლაინ?
დიახ — ტელეფონით, WhatsApp-ით, ვიდეოზარით ან ელფოსტით. ოფისში მოსვლა აუცილებელი არ არის.
რა ღირს ონლაინ კონსულტაცია?
კონსულტაცია 300 ₾-დან ღირს — ისევე, როგორც ოფისში.
საზღვარგარეთ ვარ — შეგიძლიათ საქმის წარმართვა?
დიახ. კონსულტაცია ონლაინ შეიძლება, წარმომადგენლობისთვის კი მინდობილობა საზღვარგარეთიდანაც შეიძლება გაფორმდეს.
ონლაინ კონსულტაცია კონფიდენციალურია?
დიახ. ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება („ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი).
უცხოელებისთვის
გვერდის ნახვაშეიძლება დისტანციურად ვითანამშრომლოთ?
დიახ. საქმეების უმეტესობა ონლაინ და ტელეფონით წყდება; სადაც საქართველოში ხელმოწერაა საჭირო, შეგვიძლია თქვენი სახელით ვიმოქმედოთ სანოტარო მინდობილობით.
ინგლისურად და რუსულად მუშაობთ?
დიახ. კონსულტაციები, დოკუმენტები და მიმოწერა ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
საჭიროა უცხოურ დოკუმენტებზე აპოსტილი?
ეს ქვეყანაზეა დამოკიდებული: ზოგი ქვეყნის დოკუმენტებს სჭირდება აპოსტილი, ზოგს — საკონსულო ლეგალიზაცია, ზოგი ქვეყნის დოკუმენტებს კი დამატებითი დამოწმება არ სჭირდება. დამოწმებული ქართული თარგმანი, როგორც წესი, საჭიროა. გეტყვით, რა სჭირდება თქვენს დოკუმენტებს.
უცხოელი ვარ და საქართველოში დამაკავეს. რა უფლებები მაქვს?
გაქვთ დუმილის უფლება, ადვოკატის უფლება ნებისმიერ დაკითხვამდე, უფასო თარჯიმნის უფლება და საკონსულოსთვის შეტყობინების უფლება. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ადვოკატი და ხელი არ მოაწეროთ იმას, რაც არ გესმით.
ეცნობება თუ არა ჩემს საკონსულოს?
დიახ, თქვენი მოთხოვნის გარეშეც. დაკავებიდან არა უგვიანეს 3 საათისა ეს უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მაშინვე ატყობინებს თქვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლი).
შეუძლია ოჯახს საზღვარგარეთიდან ადვოკატის აყვანა?
დიახ. ოჯახის წევრს შეუძლია დაგვიკავშირდეს ტელეფონით ან WhatsApp-ით; ხელშეკრულებას დისტანციურად ვაფორმებთ და საქმეში დაუყოვნებლივ ვერთვებით.
რა ღირს დახმარება, თუ საზღვარზე შემოსვლაზე უარი მითხრეს?
1 300 ₾. ფასში შედის უარის მიზეზის გარკვევა და ინფორმაციის მოძიება, ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირება თქვენი სახელით და ოფიციალური ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა. დაგვჭირდება თქვენი მინდობილობა.
რამდენი დღე მაქვს გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის?
შსს-ის გადაწყვეტილებაზე — 10 დღე ჩაბარებიდან. თუ გაძევება მოსამართლემ ბრძანა, საჩივრისთვის მხოლოდ 5 დღე გაქვთ (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი). ადვოკატს მაშინვე მიმართეთ.
შეიძლება საქმის წარმოება, თუ უკვე საზღვარგარეთ ვარ?
დიახ. მინდობილობით ვაწარმოებთ საქმეს და გაცნობებთ ყველა ნაბიჯს.
ჯარიმის გადახდა შემოსვლის აკრძალვას აუქმებს?
არა. ვადის გადაცილებისას ჯარიმა და შემოსვლის აკრძალვა ერთად ინიშნება.
მეორადი ბინის ყიდვისას რა უნდა შევამოწმო?
რეესტრის ამონაწერი — ვინ არის მესაკუთრე, ადევს თუ არა იპოთეკა ან ყადაღა; ხომ არ არის ბინა მეუღლეთა საერთო ან ბავშვის ქონება; ხომ არ არის გაქირავებული. ბავშვის ბინის გაყიდვას სასამართლოს თანხმობა სჭირდება, ხოლო გაქირავებულ ბინაში ქირავნობა გრძელდება (სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 572-ე მუხლები).
ქონების ყიდვა ბინადრობის ნებართვას მაძლევს?
ქონების ფლობა შეიძლება გახდეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველი, თუ მისი ღირებულება კანონით დადგენილ ზღვარს აღწევს (2026 წლის 1 მარტიდან — 150 000 აშშ დოლარზე მეტი). ნებართვა ავტომატურად არ გაიცემა — მასზე განაცხადი უნდა შეიტანოთ.
შეიძლება ქონების ყიდვა საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?
დიახ. შეგიძლიათ გასცეთ სანოტარო მინდობილობა (საზღვარგარეთ ხელმოწერისას — თუ ქვეყანა ამას მოითხოვს, აპოსტილით) ადვოკატზე ან სანდო პირზე, რომელიც თქვენი სახელით მოაწერს ხელს და დაარეგისტრირებს შეძენას.
ვინ იხდის გადასახადს ბინის ყიდვისას?
მყიდველი იხდის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურს. გამყიდველი ფიზიკური პირი, რომელსაც ბინა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა, გაყიდვიდან მიღებულ ნამეტზე საშემოსავლო გადასახადს არ იხდის.
შეუძლია უცხოელს ბინის ყიდვა ბინადრობის ნებართვის გარეშე?
დიახ. ბინის, სახლის და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის გარეშეც შეიძლება. შეზღუდვა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწას ეხება.
ბინის ყიდვით ბინადრობის ნებართვას მივიღებ?
მხოლოდ თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 150 000 აშშ დოლარს აღემატება (2026 წლის 1 მარტიდან) — და მხოლოდ განცხადებით. ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 1 წლით, რომლის გაგრძელებაც შეიძლება.
ბათუმში მშენებარე ბინის ყიდვა — რა შევამოწმო?
რომ მიწა საჯარო რეესტრში დეველოპერის საკუთრებაა და იპოთეკით დატვირთული არ არის; მშენებლობის ნებართვა და დაშვებული სართულების რაოდენობა; დეველოპერის დასრულებული პროექტები და სასამართლო დავები. გადაიხადეთ ეტაპობრივად, მშენებლობის მიხედვით, ხელშეკრულებაში კი უნდა ეწეროს დასრულების ვადა და პირგასამტეხლო დაგვიანებისთვის. ამ ყველაფერს გადახდამდე ვამოწმებთ.
დეველოპერი ვადას არღვევს — რა შემიძლია?
ხელშეკრულების მიხედვით, შეიძლება მოითხოვოთ პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება ან ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება. ჯერ ხელშეკრულებას ვამოწმებთ.
საქმის წარმოება შეიძლება, თუ საზღვარგარეთ ვცხოვრობ?
დიახ. მინდობილობით ვმოქმედებთ თქვენი სახელით — მოლაპარაკებაზეც და სასამართლოშიც.
რა ვქნა, სანამ ბინისთვის თანხას გადავიხდი?
შეამოწმეთ დეველოპერი, მიწის მესაკუთრე, იპოთეკა და ნებართვები და ხელშეკრულება ადვოკატს წააკითხეთ. ეს ყველაზე იაფი დაცვაა.
რა ღირს კომპანიის რეგისტრაცია?
1 800 ₾, თუ საქართველოში იმყოფებით, და 2 700 ₾, თუ რეგისტრაცია დისტანციურად ხდება. ფასი საბოლოოა და დღგ-ს მოიცავს; სახელმწიფო საფასურს ცალკე იხდით.
გარანტიას იძლევით, რომ ბანკი ანგარიშს გახსნის?
არა. გადაწყვეტილებას ბანკი იღებს და უარის თქმა მიზეზის მითითების გარეშეც შეუძლია. ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტებს და გეხმარებით, რომ განაცხადი მაქსიმალურად სრული იყოს.
შეუძლია უცხოელს საქართველოში კომპანიის 100%-ის ფლობა?
დიახ. უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ ქართული შპს-ის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი.
საჭიროა საქართველოში ყოფნა კომპანიის დასარეგისტრირებლად?
აუცილებელი არ არის. რეგისტრაცია შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით, სანოტარო მინდობილობით. საბანკო ანგარიშის გახსნა, როგორც წესი, მეტ მომზადებას მოითხოვს, რადგან თითოეული ბანკი საკუთარ შემოწმებას ატარებს.
როგორ იბეგრება კომპანიები საქართველოში?
მოგების გადასახადი (15%), ძირითადად, მხოლოდ მოგების განაწილებისას იხდიან — მაგალითად, დივიდენდის სახით. ინდმეწარმის მცირე ბიზნესის სტატუსი ითვალისწინებს ბრუნვის 1%-იან გადასახადს წლიურ ლიმიტამდე. გეტყვით, რომელი რეჟიმი შეესაბამება თქვენს საქმიანობას.
ინდივიდუალურ მეწარმეს სჭირდება შრომითი საქმიანობის უფლება?
დიახ. თვითდასაქმებული უცხოელი, მათ შორის ი/მ, საქმიანობისთვის ამ უფლებას საჭიროებს.
ვის არ ეხება ეს წესი?
მაგალითად, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს. სხვა გამონაკლისებს თქვენს შემთხვევაზე შევამოწმებთ.
რა ხდება, თუ წლიური შემოსავალი 500 000 ლარს გადააჭარბებს?
იმ თვის დასაწყისიდან წლის ბოლომდე მთელი შემოსავალი 3%-ით იბეგრება.
რამდენ ხანს განიხილება ბინადრობის განაცხადი?
სტანდარტულად — 30 დღე (300 ₾). დაჩქარებით — 20 დღე (450 ₾) ან 10 დღე (600 ₾). საქართველოს მოქალაქის მეუღლის განაცხადი — 90 დღემდე.
შეიძლება უარის გასაჩივრება?
დიახ — სასამართლოში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ვადა ძალიან მოკლეა, ამიტომ უარის მიღებისთანავე დაგვიკავშირდით.
საჭიროა სამუშაო ნებართვა საქართველოში მუშაობისთვის?
2026 წლის 1 მარტიდან უცხოელს საქართველოში მუშაობისთვის ან ბიზნესისთვის შრომითი საქმიანობის უფლება სჭირდება — მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისების გარდა. მუშაობის დაწყებამდე შევამოწმებთ, რა ეხება თქვენს შემთხვევას.
რამდენ ხანს შემიძლია უვიზოდ ყოფნა?
სიაში შეტანილი ქვეყნების მოქალაქეებს — სრული 1 წელი; სხვა უცხოელს, რომელსაც მოკლევადიანი ვიზა არ სჭირდება — ნებისმიერ 180 დღეში 90 დღე. დანარჩენებს საქართველოს ვიზა სჭირდებათ, ან უვიზოდ შემოდიან მთავრობის სიაში შეტანილი ქვეყნის ვიზით ან ბინადრობის ნებართვით — იმ დადგენილებით დადგენილი ვადითა და პირობებით. ძველი პროგრამა „Remotely from Georgia“ ამჟამად აქტიური არ არის — ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ბინადრობის ნებართვაა საჭირო.
შემიძლია ბინადრობის გაგრძელება საზღვარგარეთიდან?
დიახ — ონლაინ, ვიდეოკავშირით. განაცხადიდან 10 დღეში დოკუმენტების დედნები ქაღალდზეც უნდა წარადგინოთ — ამას თქვენი წარმომადგენელიც შეძლებს.
როგორ გავიგო, რა ეტაპზეა ბინადრობის განაცხადი?
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე (+995 32 2 40 10 10) ან იუსტიციის სახლში. ჩვენი კლიენტების განაცხადებს თავად ვადევნებთ თვალს.
შეუძლიათ უცხოელებს საქართველოში განქორწინება?
ხშირად — დიახ, განსაკუთრებით თუ ქორწინება საქართველოში დარეგისტრირდა ან ერთ-ერთი მეუღლე აქ ცხოვრობს. რომელი სასამართლოა უფლებამოსილი და რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება, საქმეზეა დამოკიდებული — ჯერ კონსულტაცია გაიარეთ.
მოქმედებს უცხოური სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში?
აღსრულებამდე უცხოური სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც წესი, საქართველოში უნდა იქნეს ცნობილი. ცნობას საქართველოს უზენაესი სასამართლო ახორციელებს; ჩვენ ვამზადებთ შუამდგომლობასა და ნათარგმნ დოკუმენტებს.
რა ვქნა, თუ მეორე მშობელმა ბავშვი საზღვარგარეთ წაიყვანა?
თუ ბავშვი უკანონოდ იქნა გაყვანილი ან დაკავებული ჰააგის კონვენციის მონაწილე ქვეყანაში, შესაძლებელია მისი დაბრუნების მოთხოვნა. იმოქმედეთ სწრაფად — ამ საქმეებში დრო გადამწყვეტია.
რომელი სჯობს — ინდ. მეწარმე 1% თუ ვირტუალური ზონა?
მარტო მომუშავე ფრილანსერისთვის ინდ. მეწარმე 1% ყველაზე მარტივია. ვირტუალური ზონა კომპანიისთვისაა და მაშინ ღირს, როცა IT პროდუქტს ძირითადად საზღვარგარეთ აწვდით და მოგების განაწილებას გეგმავთ. სწორი არჩევანი შემოსავალზე, კლიენტებზე და გეგმებზეა დამოკიდებული.
შეიძლება ახლად შექმნილ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოს?
შეიძლება, თუ 2-წლიანი IT გამოცდილება აქვს უცხოურ კომპანიას, რომლის წარმომადგენელიც არის, ან 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ კომპანიებს. ამასთან, საქმიანობა რეალურად საქართველოში უნდა ხორციელდებოდეს.
რამდენ ხანში ენიჭება ვირტუალური ზონის სტატუსი?
განცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, ხოლო სერტიფიკატი — სტატუსის მინიჭებიდან 2 სამუშაო დღეში.
საკმარისია ინდმეწარმის რეგისტრაცია საქართველოში სამუშაოდ?
2026 წლის 1 მარტიდან — არა. საჭიროა შრომითი საქმიანობის უფლებაც და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა ან ვიზა.
სერვერები საქართველოში უნდა იყოს?
ონლაინ კაზინოს ნებართვისთვის — დიახ: თამაშობის წესში უნდა მიეთითოს სერვერების საქართველოში განთავსების მისამართი და მისამართი, საიდანაც თამაშობა იმართება (მე-19 მუხლის 1³ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი).
შეუძლია უცხოურ კომპანიას ნებართვის მიღება?
პირდაპირ — არა. ნებართვა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე გაიცემა, ამიტომ ჯერ ქართული კომპანია უნდა დარეგისტრირდეს — ეს ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ.
რა არის „საერთაშორისო“ ონლაინ ნებართვა?
ეს არის ონლაინ კაზინოს, სლოტების ან ტოტალიზატორის ნებართვა, რომლითაც მოწყობილ თამაშში საქართველოს მოქალაქეების დაშვება აკრძალულია.
რამდენ საიტს ფარავს ერთი ონლაინ ნებართვა?
ონლაინ კაზინოსა და სათამაშო აპარატების ერთი ნებართვით მხოლოდ ერთი დომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება შეიძლება.
რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო საქართველოში მოქალაქეობისთვის?
ჩვეულებრივი წესით — ბოლო 10 წელი, კანონიერად და უწყვეტად. საქართველოს მოქალაქის მეუღლეს — 5 წელი. მოქალაქეობის არმქონე პირს სტატუსით — 5 წელი.
შემიძლია ჩემი მოქალაქეობის შენარჩუნება (ორმაგი მოქალაქეობა)?
მხოლოდ საგამონაკლისო წესით მინიჭებისას. ჩვეულებრივი წესით და ქორწინებით მიღებისას წინა მოქალაქეობა უნდა შეწყვიტოთ.
მამა ქართველი მყავს — მოქალაქეობა მეკუთვნის?
თუ თქვენი დაბადებისას მშობელი საქართველოს მოქალაქე იყო, თქვენ დაბადებით ხართ მოქალაქე. სრულწლოვნისთვის ქართული წარმომავლობა მხოლოდ საგამონაკლისო წესით მინიჭებისას ითვლება.
საქართველოში დავიბადე საბჭოთა პერიოდში — რა მეკუთვნის?
თუ 1993 წლის 31 მარტს საქართველოში ცხოვრობდით (ან აქ დაიბადეთ და 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ წახვედით) და სხვა მოქალაქეობა არ მიგიღიათ, საქართველოს მოქალაქედ ითვლებით — სააგენტო ამას ადგენს. თუ ეს პირობები არ გაქვთ, საქართველოში დაბადებულს მოქალაქეობის მიღება ენის, ისტორიისა და სამართლის გამოცდებით შეუძლია, 10-წლიანი ცხოვრების გარეშე. ორივე წესი 2027 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.
რამდენ ხანს განიხილება განცხადება?
კანონით — 3 თვე. გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.
ქართული ფესვებით შეიძლება მოქალაქეობის მიღება?
ჩვეულებრივი წესით — არა. წარმომავლობას ითვალისწინებენ საგამონაკლისო წესით მინიჭებისას, თუ საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევთ და თქვენ ან თქვენი წინაპარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ხართ ან ემიგრაციაში პოლიტიკური ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მიზეზით წავიდა (17-ე მუხლი). ენის, ისტორიისა და სამართლის ცოდნა მაინც საჭიროა.
რისგან შედგება მოქალაქეობის გამოცდა?
ქართული ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები — ტესტით ან გასაუბრებით. შედეგი 1 წელი მოქმედებს.
შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მიღება ინვესტიციით?
ფიქსირებული თანხით — არა. მნიშვნელოვანი ინვესტიცია საგამონაკლისო წესით მინიჭებისას ერთ-ერთი გარემოებაა, რომელსაც პრეზიდენტი ითვალისწინებს (მე-17 მუხლი). გადაწყვეტილება მის შეხედულებაზეა.
შეუძლიათ ორ უცხოელს საქართველოში დაქორწინება?
დიახ, თუ ორივე საქართველოში კანონიერად იმყოფება. მოქალაქეობის მოთხოვნა არ არსებობს.
შეიძლება მინდობილობით დაქორწინება, თუ საქართველოში არ ვართ?
არა — კანონით, ქორწინება ორივე პირის და ორი მოწმის თანდასწრებით რეგისტრირდება, წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია („სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი). მაგრამ წინასწარ ყველაფერს ჩვენ მოვამზადებთ: მინდობილობით შევიტანთ ქორწინების განცხადებას, მოვამზადებთ დოკუმენტებს, აპოსტილს და თარგმანს და დავჯავშნით რეგისტრაციის დღეს. თქვენ მხოლოდ რეგისტრაციის დღეს ჩამოდიხართ.
რამდენ ხანში დაგვაქორწინებენ?
სავალდებულო მოლოდინის ვადა არ არის. ქორწინება განცხადებაში მითითებულ დროს რეგისტრირდება.
ცნობენ ჩვენს ქორწინებას ჩვენს ქვეყანაში?
ბევრი ქვეყანა ცნობს ქორწინებას, რომელიც საზღვარგარეთ ადგილობრივი კანონით დაიდო. მოწმობას აპოსტილი და თარგმანი სჭირდება. ცნობის კონკრეტული წესები თქვენი ქვეყნის კანონით განისაზღვრება — წინასწარ ვამოწმებთ.
ეკლესიაში ჯვრისწერა საკმარისია?
არა. იურიდიულ ძალას მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება იძენს.
საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებით ბინადრობის ნებართვას მივიღებ?
დიახ, მაგრამ 2026 წლის 1 სექტემბრიდან ჯერ დროებითს — 1 წლით, შემდეგ 2-2 წლით 5 წლამდე, მერე კი მუდმივს. კომისია ამოწმებს, ნამდვილია თუ არა ქორწინება.
შემიძლია საქართველოში ჩემი ქვეყნის მოწმობით ვატარო?
დიახ — მოწმობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოში ბოლო შემოსვლიდან 1 წლისა. თუ მოწმობა ლათინური ან ქართული ასოებით არ არის შედგენილი, მას დამოწმებული თარგმანი სჭირდება.
გამოცდის ჩაბარება მომიწევს მოწმობის გაცვლისას?
არა. გაცვლა გამოცდის გარეშე ხდება, თუ მოწმობა მოქმედია და გამცემი ქვეყნის დადასტურება წარადგინეთ.
რა ჯარიმაა მოწმობის გარეშე მართვისთვის?
500 ლარი; წლის განმავლობაში განმეორებით — 1 500 ლარი ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
რომელ ენაზე ბარდება თეორიული გამოცდა?
ქართულის გარდა ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.
შეუძლია უცხოელს ქართულ ბანკში ანგარიშის გახსნა?
დიახ. ზოგ ბანკში საკმარისია პასპორტი და მობილურის ნომერი, თუმცა ბანკმა შეიძლება ფილიალში მისვლაც მოითხოვოს.
რატომ მითხრა ბანკმა უარი მიზეზის გარეშე?
კანონით ბანკი ვალდებულია უარი თქვას, თუ კლიენტის და თანხების შემოწმებას ვერ ახერხებს, და მიზეზის დეტალურად ახსნა არ ევალება. შეგიძლიათ სწორი დოკუმენტებით ხელახლა ან სხვა ბანკს მიმართოთ.
შეიძლება ანგარიშის გახსნა საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?
ზოგ შემთხვევაში — მინდობილობით ან დისტანციური იდენტიფიკაციით, მაგრამ ეს ბანკზეა დამოკიდებული.
რა ღირს თქვენი მომსახურება?
ანგარიშის გახსნის ფასები მითითებულია კომპანიის რეგისტრაციის გვერდზე.
რამდენია დაზღვეული ქართულ ბანკში?
ერთ ბანკში ერთ მეანაბრეზე 50 000 ლარამდე, 2027 წლის 1 იანვრიდან — 100 000 ლარამდე.
ავტომატურად ვხდები რეზიდენტი 183 დღის შემდეგ?
დიახ — 183 დღე ნებისმიერ უწყვეტ 12-თვიან პერიოდში, რომელიც საგადასახადო წელს მთავრდება, თქვენ რეზიდენტად მთელი ამ წლისთვის გხდით. ცნობა კი ცალკე უნდა მოითხოვოთ.
რეზიდენტი ვარ — უცხოურ შემოსავალზე გადასახადს ვიხდი საქართველოში?
არა. რეზიდენტი ფიზიკური პირის უცხოური წყაროდან მიღებული შემოსავალი საქართველოში გათავისუფლებულია. თქვენი ქვეყნის კანონი შეიძლება სხვაგვარად მიიჩნევდეს — ამას ცალკე ვამოწმებთ.
დეპოზიტის პროცენტი იბეგრება?
ფიზიკური პირის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან — მაგალითად, ბანკიდან — მიღებული პროცენტი არ იბეგრება და ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
რამდენ ხანში გაიცემა რეზიდენტობის ცნობა?
30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ვადაში ვერ ხერხდება, სამსახური გაცნობებთ მოსალოდნელ თარიღს.
საქართველო საგადასახადო სამოთხეა? ჩემს ქვეყანაშიც მომიწევს გადასახადი?
საქართველოში გადასახადები დაბალი და მარტივია: საშემოსავლო — 20%, მოგების გადასახადი მხოლოდ მოგების განაწილებისას, მცირე ბიზნესისთვის — 1%, ხოლო რეზიდენტის უცხოური შემოსავალი და საბანკო პროცენტი არ იბეგრება. თუმცა საქართველო ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებით და CRS-ით ინფორმაციას უცვლის სხვა ქვეყნებს. თქვენს ქვეყანაში გადასახადის გადახდა მისი რეზიდენტობის წესებზეა დამოკიდებული.
HNWI სტატუსისთვის საქართველოში ცხოვრება მჭირდება?
183 დღე არ გჭირდებათ. საჭიროა 3 მლნ ლარზე მეტი ქონება ან 200 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წელს, საქართველოში სულ მცირე 500 000 დოლარის ქონება და ბინადრობის ნებართვა ან წინა წელს საქართველოში მიღებული 25 000 ლარის შემოსავალი.
რამდენ ხანში მენიჭება HNWI სტატუსი და რა ვადით?
სრული დოკუმენტებით შემოსავლების სამსახური 7 სამუშაო დღეში წარუდგენს საქმეს ფინანსთა მინისტრს. სტატუსი ერთ საგადასახადო წელზე ენიჭება და ყოველ წელს ხელახლა უნდა მოითხოვოთ.
1% გადასახადი საგადასახადო რეზიდენტობაზეა დამოკიდებული?
არა. 1% მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმის შემოსავლის განაკვეთია, 500 000 ლარის გადაჭარბებისას — 3% (საგადასახადო კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლები). რეზიდენტობა (34-ე მუხლი) ცალკე საკითხია.
რამდენი ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება აქვს საქართველოს?
ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან. სრული სია ფინანსთა სამინისტროს საიტზეა — თქვენს ქვეყანასთან ხელშეკრულებას ჩვენ შევამოწმებთ.
აქვს საქართველოს ხელშეკრულება აშშ-თან?
საქართველოს სიაში — არა, მაგრამ IRS თვლის, რომ საქართველოზე 1973 წლის აშშ–სსრკ ხელშეკრულება ვრცელდება. აშშ-ის მოქალაქე ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ში იბეგრება მსოფლიო შემოსავალზე.
როგორ ვისარგებლო ხელშეკრულებით?
გჭირდებათ რეზიდენტობის ცნობა იმ ქვეყნიდან, სადაც რეზიდენტი ხართ. საქართველოს ცნობას შემოსავლების სამსახური 30 დღეში გასცემს.
VASP ლიცენზია მჭირდება?
საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი ეროვნულ ბანკში რეგისტრირდება — ინგლისურად ამას „VASP license“ ჰქვია. რეგისტრაციის პირობები, კაპიტალი და ვადები ამ გვერდზეა ჩამოთვლილი.
კრიპტოს გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე გადასახადს ვიხდი?
ფიზიკური პირი — არა: ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის საჯარო გადაწყვეტილებით, ეს შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. კომპანიისთვის სხვა წესები მოქმედებს.
კრიპტო ბირჟის გახსნა შემიძლია ინდ. მეწარმედ?
არა. VASP-ად დარეგისტრირება მხოლოდ შპს-ს ან სს-ს შეუძლია.
რამდენი კაპიტალი სჭირდება VASP-ს?
150 000-დან 350 000 ლარამდე — მომსახურების სახეობის მიხედვით. ადრე დარეგისტრირებულებმა ეს მოთხოვნა 2027 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.
ქართული კომპანიის შესახებ ინფორმაცია საჯაროა?
დიახ. მეწარმეთა რეესტრის მონაცემები და რეგისტრაციის დოკუმენტების ასლები საჯაროა; ოფიციალური ამონაწერი საფასურით გაიცემა.
შეიძლება გავიგო, ვინ არის კომპანიის რეალური მფლობელი?
რეესტრი იურიდიულ მესაკუთრეებს აჩვენებს. ბენეფიციარი მესაკუთრეების საჯარო რეესტრი საქართველოში არ არის, ამიტომ რთულ სტრუქტურებში დამატებითი შემოწმება გვჭირდება.
რამდენ ხანს გრძელდება შემოწმება?
ძირითადი შემოწმება, როგორც წესი, რამდენიმე სამუშაო დღეს; სრული due diligence დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე.
შეუძლია უცხოელს საქართველოში მიწის ყიდვა?
არასასოფლო-სამეურნეო მიწის — დიახ. სასოფლო-სამეურნეო მიწის — მხოლოდ მემკვიდრეობით, ხოლო კომპანიას უცხოელი დომინანტი პარტნიორით — საინვესტიციო გეგმით და მთავრობის გადაწყვეტილებით.
ორმაგი მოქალაქე ვარ — შემიძლია სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა?
დიახ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქედ ითვლება.
გაყიდვისას გადასახადს ვიხდი?
ბინას ან სახლს, რომელიც 2 წელზე მეტი ხნით გეკუთვნოდათ, გადასახადის გარეშე ყიდით. სხვა შემთხვევებს ინდივიდუალურად ვამოწმებთ.
საქართველოში ციფრული მომთაბარის ვიზა არსებობს?
ცალკე ასეთი ვიზა დღეს არ გაიცემა. ბევრი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ 1 წელი დარჩეს; უფრო დიდხანს დარჩენისთვის ბინადრობის ნებართვა გჭირდებათ.
შემიძლია უვიზოდ ყოფნისას უცხოურ კომპანიას დისტანციურად ვუმუშავო?
დიახ. შრომითი მიგრაციის კანონი, როგორც წესი, მუშაობის უფლებას არ მოითხოვს, თუ სამუშაო უცხოური კომპანიის საზღვარგარეთ საქმიანობას ეხება. გადასახადი კი, როგორც წესი, საქართველოში უნდა გადაიხადოთ — გამონაკლისია არარეზიდენტი, რომელიც საქართველოში წელიწადში 30 დღემდე მუშაობს უცხოელი დამსაქმებლისთვის.
უცხოურ ხელფასზე საქართველოში გადასახადი უნდა გადავიხადო?
დიახ, თუ სამუშაოს საქართველოში ყოფნისას ასრულებთ: 20% წლიური დეკლარაციით. თუ საქართველოში წელიწადში 30 დღემდე მუშაობთ და არარეზიდენტი ხართ, ხელფასი არ იბეგრება.
უცხოური ხელფასი 1%-იანი ინდმეწარმით შეიძლება დაიბეგროს?
არა. ხელფასი 1%-ში არ შედის. თუ რეალურად მომსახურებას უწევთ და არა დაქირავებით მუშაობთ, ეს ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს — ხელშეკრულებას ჩვენ ვამოწმებთ.
ჩემს ქვეყანაშიც მომიწევს გადასახადის გადახდა?
შესაძლოა. ეს თქვენი ქვეყნის რეზიდენტობის წესებზე და საქართველოსთან ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. ორივე მხარეს ვამოწმებთ.
საქართველოში დაბადებული ბავშვი საქართველოს მოქალაქე ხდება?
მხოლოდ დაბადებით — არა. მოქალაქეობას იღებს, თუ ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა, ან თუ საქართველოში დაიბადა და მშობლები საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები არიან (ან ერთი ასეთი პირია, მეორე კი უცნობია).
რა ღირს დაბადების მოწმობა?
დაბადების მოწმობა უფასოა.
რა უნდა გავაკეთო, რომ მოწმობა ჩემს ქვეყანაში ცნონ?
მოწმობას აპოსტილი და თარგმანი სჭირდება; შემდეგ ბავშვს თქვენი ქვეყნის საკონსულოში არეგისტრირებთ.
მეორე მშობლის თანხმობა საჭიროა ბავშვთან ერთად გასასვლელად?
უცხოელი ბავშვისთვის საქართველოს კანონი ამას არ ითხოვს, თუ სასამართლოს აკრძალვა არ არსებობს. თქვენი ქვეყნის წესები შეიძლება განსხვავდებოდეს.
რამდენ ხანს შეიძლება უცხოური ნომრით მანქანა საქართველოში იყოს?
90 კალენდარული დღე. შემდეგ ან უნდა გავიდეს, ან განბაჟდეს, ან დროებითი შემოტანის პროცედურაში მოექცეს — 3 წლამდე.
რა ჯარიმაა 90 დღის გადაცილებისთვის?
50 ლარი ყოველ დღეზე, მაქსიმუმ 1 000 ლარი.
შემიძლია უცხოური ნომრით მანქანის საქართველოში გაყიდვა?
მხოლოდ განბაჟების შემდეგ. განბაჟების გარეშე გაყიდვის ან გადაცემისთვის ჯარიმა საიმპორტო გადასახდელების 100%-ია.
რამდენი ჯდება განბაჟება 2026 წელს?
აქციზი 0–6 წლის მანქანაზე 1,50 ლარია, 6 წელზე ძველზე — 4,50 ლარი 1 სმ³-ზე, მარჯვენასაჭიანზე — სამმაგი. დამატებით იმპორტის გადასახადი; დღგ არ არის.
შეიძლება წლის ბოლოს გასვლა და მაშინვე დაბრუნება?
კანონი ამას პირდაპირ არ კრძალავს. მაგრამ სასაზღვრო პოლიციას შეუძლია უარი გითხრათ, თუ ეჭვი აქვს, რომ აქ კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობთ ან მუშაობთ.
ბინადრობის ნებართვის გარეშე რამდენ ხანს შემიძლია ვიყო?
თუ თქვენი ქვეყანა ერთწლიან ჩამონათვალშია — 1 წელი შემოსვლიდან. სხვა შემთხვევაში — 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში ან ვიზაში მითითებული ვადა.
ამერიკული ან შენგენის ვიზით შეიძლება შემოსვლა?
დიახ, თუ ეს ქვეყანა მთავრობის №256 დადგენილების ჩამონათვალშია (მაგალითად, აშშ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, დიდი ბრიტანეთი) — 90 დღით ნებისმიერ 180 დღეში. ვიზა ან ბინადრობა შემოსვლის დღეს მოქმედი უნდა იყოს. სრული ჩამონათვალი ამ გვერდზეა.
რა ხდება, თუ ვადა გადავაცილე?
ჯარიმა 1 000–3 000 ლარი და შემოსვლის აკრძალვა 6 თვიდან 3 წლამდე, გადაცილების ხანგრძლივობის მიხედვით. ჯარიმის გადახდა აკრძალვას არ აუქმებს.
რამდენის შემოტანა შეიძლება უბაჟოდ თვითმფრინავით?
პირადი მოხმარების ნივთები 3 000 ლარამდე და 30 კგ-მდე.
რამდენი ნაღდი ფულის შემოტანა შეიძლება საქართველოში?
30 000 ლარამდე (ან ეკვივალენტი) — დეკლარირების გარეშე. მეტი თანხა უნდა დაადეკლარიროთ.
რამდენი ალკოჰოლის და სიგარეტის შემოტანა შეიძლება?
1 ლიტრი 22%-ზე მაგარი სასმელი ან 2 ლიტრი უფრო სუსტი; 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა, ან 250 გ თამბაქო.
შეიძლება ვეიპის შემოტანა საქართველოში?
დიახ, პირადი მოხმარებისთვის. მგზავრს უბაჟოდ შეუძლია შემოიტანოს ჯამში 50 მლ სითხე; მეტზე იხდით აქციზს — 1,20 ლარი 1 მლ-ზე. თავად მოწყობილობა ჩვეულებრივი ნივთების ლიმიტში შედის.
საცხოვრებლად გადმოვდივარ — ნივთებს გადასახადი აქვს?
არა — ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება უბაჟოდ შემოდის, თუ გადმოსვლა იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით დასტურდება.
შეიძლება საქართველოში ქუჩაში ალკოჰოლის დალევა?
არა. ქუჩაში, პარკში, სკვერში, სტადიონზე და ტრანსპორტში სმა 50-დან 150 ლარამდე ჯარიმით ისჯება. შეიძლება მაღაზიაში, კაფესა და ბარში.
უცხოელს იგივე ჯარიმა აქვს, რაც საქართველოს მოქალაქეს?
დიახ. კანონით უცხოელი მოქალაქის თანაბრად აგებს პასუხს. გამონაკლისია დიპლომატიური იმუნიტეტი.
მარიხუანა საქართველოში ლეგალურია?
კერძო საცხოვრებელში მოხმარება არ ისჯება, თუ იქ არასრულწლოვანი არ არის — მის თანდასწრებით, სახლშიც, ჯარიმა 1 000-დან 1 500 ლარამდეა (45¹ მუხლი). სხვა შენობაში მოხმარება 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმაა, ქუჩაში, კაფეში ან ტრანსპორტში — 800-დან 1 200 ლარამდე, მცირე ოდენობით შენახვა — 500 ლარი. გასაღება და შემოტანა დანაშაულია.
რა ხდება, თუ ჯარიმა არ გადავიხადე და წავედი?
შემდეგ ჩამოსვლისას შეიძლება შემოსვლაზე ან ვიზაზე უარი გითხრან. ჯარიმა და საურავი საზღვრის კვეთისას უნდა გადაიხადოთ.
შემიძლია უცხოეთიდან მინდობილობა გავუფორმო ადვოკატს საქართველოში?
დიახ. გარიგება შეიძლება წარმომადგენლის მეშვეობით დაიდოს (სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლი). მინდობილობა შეგიძლიათ დაამოწმოთ თქვენი ქვეყნის ნოტარიუსთან, საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში, ხოლო თუ საქართველოს ბინადრობის მოწმობა გაქვთ — ონლაინ, საქართველოს ნოტარიუსთან.
სჭირდება უცხოეთში დამოწმებულ მინდობილობას აპოსტილი?
როგორც წესი, დიახ — აპოსტილი ან ლეგალიზაცია („ნოტარიატის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლი). არ სჭირდება, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება სხვა წესს ადგენს (56-ე მუხლი): აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და უკრაინის დოკუმენტებს — მინსკის 1993 წლის კონვენციით, ბულგარეთისა და თურქეთის დოკუმენტებს — ორმხრივი ხელშეკრულებებით.
შემიძლია მინდობილობა ონლაინ დავამოწმო საქართველოს ნოტარიუსთან?
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, ონლაინ სანოტარო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ ბინადრობის მოწმობა არ გაქვთ, გამოიყენეთ თქვენი ქვეყნის ნოტარიუსი ან საქართველოს საელჩო.
ადვოკატს მინდობილობა სჭირდება?
გამოძიებასა და სასამართლოში — არა: ადვოკატი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს და ორდერს წარადგენს („ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი). სხვა შემთხვევაში — მაგალითად, ნოტარიუსთან, საჯარო რეესტრში ან იუსტიციის სახლში — ადვოკატი მინდობილობის საფუძველზე მოქმედებს (სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლი).
შემიძლია მინდობილობა გავაუქმო?
დიახ. მინდობილობა წყდება თქვენ მიერ გაუქმებით (სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლი). გაუქმება მესამე პირებს უნდა ეცნობოს (108-ე მუხლი), წარმომადგენელმა კი მინდობილობა უნდა დაგიბრუნოთ (110-ე მუხლი).
სად და როგორ შევატყობინო დანაშაულის შესახებ?
გამომძიებელს ან პროკურორს — წერილობით ან ზეპირად. ზეპირ შეტყობინებაზე ოქმი დგება და გეკუთვნით შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა (101-ე მუხლი).
ქართული არ ვიცი — თარჯიმანი მეკუთვნის?
დიახ. დაზარალებულს, ისევე როგორც მოწმეს, უფლება აქვს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან სასურველ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნით სახელმწიფოს ხარჯზე (49-ე და 56-ე მუხლები).
მალე ვტოვებ საქართველოს — საქმე გაგრძელდება?
გამოძიების დაწყების ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმაზე, სად იმყოფებით (100-ე მუხლი). წასვლამდე შესაძლებელია ჩვენების მიცემა მაგისტრატ მოსამართლესთან (114-ე მუხლი), შემდეგ კი ადვოკატს შეუძლია თქვენი წარმომადგენლობა მინდობილობით.
დაბრუნდება მოპარული ნივთი ან თანხა?
დაზარალებულს უფლება აქვს, დაიბრუნოს საქმისთვის ჩამორთმეული მისი ქონება და კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია დანაშაულით პირდაპირ მიყენებული ქონებრივი ზიანისთვის (57-ე მუხლი).
რა ვადაში შეუძლია კომპანიას დაზიანების ანაზღაურება მომთხოვოს?
მანქანის დაბრუნებიდან 6 თვის განმავლობაში (სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლი).
ცვეთისთვისაც უნდა გადავიხადო?
არა. მანქანა უნდა დააბრუნოთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც მიიღეთ, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით (564-ე მუხლი).
ხელშეკრულებაში ძალიან დიდი ჯარიმაა — ვალდებული ვარ, გადავიხადო?
მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონით, ბათილია სტანდარტული პირობა, რომელიც ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის გადახდას აკისრებს მომხმარებელს (22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი). კონკრეტული პირობა საქმის გარემოებებით ფასდება.
მანქანის ონლაინ ჯავშანზე 14 დღეში უარის თქმა შემიძლია?
ამ უფლებას კანონი არ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ქირავნობისთვის, თუ ხელშეკრულებაში თარიღი ან პერიოდია მითითებული (მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის 14-ე მუხლი). ჯავშნის გაუქმების პირობებს ხელშეკრულება ადგენს.
რა ვადაში უნდა მოვითხოვო ანაზღაურება?
3 წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა შეიტყვეთ ზიანის ან მის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი).
ტრანსპორტში დავშავდი — უნდა დავამტკიცო მძღოლის ბრალი?
მგზავრების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ზიანს ანაზღაურებს მისი ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული დაზიანებისთვის; დაუძლეველი ძალა მას ათავისუფლებს, გარდა საავიაციო ტრანსპორტისა (999-ე მუხლი).
მორალური ზიანის ანაზღაურებაც შეიძლება?
დიახ — სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებისას (413-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მკურნალობის თანხა წინასწარ შემიძლია მოვითხოვო?
დიახ. დაზარალებულს უფლება აქვს, მკურნალობის ხარჯები წინასწარ მოითხოვოს (408-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
რა ღირებულების ქონებაა საჭირო ბინადრობისთვის?
მოკლევადიანი ბინადრობისთვის — 150 000 აშშ დოლარზე მეტი, საინვესტიციოსთვის — 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების ქონება (კანონის მე-15 მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტები). სასოფლო-სამეურნეო მიწა არ ითვლება.
ღირებულება ნასყიდობის ფასით დგინდება?
არა. საბაზრო ღირებულებას ადგენს აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი (მე-15 მუხლი).
ოჯახის წევრებიც იღებენ ნებართვას?
მოკლევადიანი ნებართვა გაიცემა მეუღლესა და შვილებზეც; საინვესტიციო და უვადო — მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე და კანონით ჩამოთვლილ კმაყოფაზე მყოფ პირებზე (მე-15 მუხლი).
ქონება რომ გავყიდო, ნებართვა შეწყდება?
მოკლევადიანი — დიახ (მე-16 მუხლი). საინვესტიციო — არა, თუ გაყიდვამდე სააგენტოს წარუდგენთ ამონაწერს იმავე ან უფრო ძვირი სხვა ქონების საკუთრებაზე (21-ე მუხლის 1³ პუნქტი).
საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელია?
სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით და განცხადების შეტანა ელექტრონულადაც შეიძლება (მე-17 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები). ქონების ყიდვაც შეიძლება მინდობილობით.
რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში?
გაარკვიეთ, რამდენ ხანს შეგიძლიათ ყოფნა უვიზოდ, და რომელი ბინადრობის ნებართვა შეესაბამება თქვენს მიზანს — მუშაობას, ბიზნესს, ოჯახს თუ ქონებას. ბინადრობის სახეებს კანონის მე-15 მუხლი ჩამოთვლის.
როდის ვხდები საგადასახადო რეზიდენტი?
თუ ნებისმიერ უწყვეტ 12 კალენდარულ თვეში საქართველოში 183 დღე ან მეტს იმყოფებით — მთელი იმ საგადასახადო წლისთვის (საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლი).
1% გადასახადი ყველას ეხება?
არა. 1% მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმის შემოსავალზე ვრცელდება; წლიური შემოსავლის 500 000 ლარის გადაჭარბებისას — 3% (საგადასახადო კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლები). ხელფასი 1%-ში არ შედის.
შემიძლია ყველაფერი საზღვარგარეთიდან მოვაგვარო?
ბევრი ნაბიჯი — მაგალითად, ქონების ყიდვა ან კომპანიის რეგისტრაცია — მინდობილობით შეიძლება. ბინადრობის ნებართვისთვის სააგენტოს მიმართვა წარმომადგენლის მეშვეობითაც შეიძლება (კანონის მე-17 მუხლი).
არსებობს საქართველოში პენსიონერის ვიზა ან ბინადრობა?
არა. უცხოელთა კანონი პენსიონერებისთვის ცალკე ბინადრობას არ ითვალისწინებს. იყენებენ უვიზო ყოფნას ან ბინადრობას ქონებით, ინვესტიციით, ოჯახით და სხვა საფუძვლით.
იბეგრება უცხოური პენსია საქართველოში?
თუ საქართველოს რეზიდენტი ხართ, უცხოური გადამხდელის პენსია საქართველოში გადასახადისგან თავისუფალია (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი). არარეზიდენტი საქართველოში მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროს შემოსავალზე იხდის.
რამდენი ღირს ბინა ბინადრობისთვის?
მოკლევადიანი ბინადრობისთვის — საბაზრო ღირებულებით 150 000 აშშ დოლარზე მეტი უძრავი ქონება; საინვესტიციოსთვის — 300 000 აშშ დოლარზე მეტი.
იბეგრება საქართველოში უცხოური დივიდენდი?
რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის — არა: უცხოური კომპანიის დივიდენდი საქართველოში არსებული წყაროს შემოსავალი არ არის და 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით თავისუფალია.
საზღვარგარეთის კლიენტისთვის საქართველოდან ვმუშაობ — ეს უცხოური შემოსავალია?
არა ყოველთვის. საქართველოში ფიზიკურად გაწეული მომსახურება საქართველოში არსებული წყაროს შემოსავალია (104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), ამიტომ იბეგრება.
კრიპტოს გაყიდვაზე გადასახადს ვიხდი?
საგადასახადო კოდექსი კრიპტოს შემოსავლის წყაროს ცალკე არ განსაზღვრავს. სიცხადისთვის შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურს წინასწარი გადაწყვეტილება სთხოვოთ (47-ე მუხლი).
ავარია მოხდა საქართველოში — სად დავრეკო?
112-ზე. თუ ვინმე დაშავდა, გამოიძახეთ სასწრაფოც. პოლიციას დაელოდეთ ადგილზე.
თუ არავინ დაშავდა, პოლიციის მოსვლა აუცილებელია?
თუ არავინ დაშავებულა, მძღოლებს შეთანხმებით შეუძლიათ შეადგინონ სქემა, მოაწერონ ხელი და ფაქტის გასაფორმებლად საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში მივიდნენ.
რა მოხდება, თუ ავარიის ადგილს დავტოვებ?
ადგილის მიტოვება 250 ლარით და მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით ისჯება (123-ე მუხლის მე-2 ნაწილი). თუ ადამიანი დაშავდა, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს.
ემიგრანტებისთვის
გვერდის ნახვაშეიძლება მემკვიდრეობის მიღება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?
დიახ. სამკვიდროს მიღების განცხადება ნოტარიუსს შეიძლება წარუდგინოს თქვენმა წარმომადგენელმა მინდობილობით. მთავარია, არ გაუშვათ 6 თვის ვადა.
სად გავაფორმო მინდობილობა?
საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში; ადგილობრივ ნოტარიუსთან — ქვეყნის მიხედვით, შეიძლება საჭირო იყოს აპოსტილი ან ლეგალიზაცია და დამოწმებული თარგმანი; ან, თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი ხართ, ონლაინ — საქართველოში ნოტარიუსთან, ვიდეოკავშირით. ტექსტს ჩვენ მოგიმზადებთ.
რა მოხდება, თუ 6 თვის ვადა გავიდა?
თუ ვადა საპატიო მიზეზით გაუშვით, სასამართლოს შეუძლია მისი გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ფლობდით თუ არა ქონებას. შევაფასებთ თქვენს შემთხვევას.
შეიძლება ბინის გაყიდვა მინდობილობით?
დიახ. ადვოკატი ან სანდო პირი მინდობილობით აფორმებს ნასყიდობას და რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ჩვენ ვამოწმებთ გარიგების უსაფრთხოებას.
საჭიროა საქართველოში ჩამოსვლა განქორწინებისთვის?
როგორც წესი, არა — სასამართლოში შეგიძლიათ წარმოგადგინოთ ადვოკატმა მინდობილობით. თუ განქორწინება საზღვარგარეთ მოხდა, საქართველოში შესაძლოა მისი ცნობა იყოს საჭირო.
როგორ ხდება კონსულტაცია?
WhatsApp-ით, ტელეფონით, ელფოსტით ან ვიდეოზარით — ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
რა ღირს მომსახურება?
კონსულტაცია — 300 ₾-დან. ჰონორარს და გადახდის პირობებს წინასწარ, წერილობით ვათანხმებთ.
როგორ გავიგო, რა ხდება ჩემს საქმეში?
ყოველ მნიშვნელოვან ნაბიჯზე გატყობინებთ WhatsApp-ზე ან ელფოსტით და გიგზავნით დოკუმენტების ასლებს.
მნიშვნელოვანია: ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.
ის მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით. კანონი შეიძლება შეიცვალოს, თითოეული საქმე კი ცალკე ფასდება. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით — ჯობს, ჯერ ადვოკატს მიმართოთ. MMLAW არ აგებს პასუხს ამ ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე.
გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.
კონსულტაცია კონფიდენციალურია, ღირებულება — 300 ₾-დან.