
ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ) და მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში ბიზნესის დაწყების ყველაზე მარტივი გზაა — ამიტომ ის უცხოელებშიც, განსაკუთრებით ფრილანსერებში, პოპულარულია. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც წინასწარ უნდა იცოდეთ.
რეგისტრაცია
- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია იუსტიციის სახლში ხდება — საჭიროა პასპორტი და იურიდიული მისამართი საქართველოში.
- თუ მისამართი თქვენი არ არის, საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.
- რეგისტრაციის შემდეგ შემოსავლების სამსახურს მიმართავთ მცირე ბიზნესის სტატუსისთვის.
როგორ მუშაობს 1%
- მცირე ბიზნესის სტატუსით გადასახადი შემოსავლის 1%-ია, თუ წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება
- თუ წლიური შემოსავალი 500 000 ლარს გადააჭარბებს, იმ თვის დასაწყისიდან წლის ბოლომდე მთელი შემოსავალი 3%-ით იბეგრება
- დეკლარაციას ყოველთვიურად აბარებთ, გადასახადს კი იხდით არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა
რა არ ექცევა 1%-ში
ყველა საქმიანობა არ იძლევა სტატუსის უფლებას — მთავრობას აქვს გამონაკლისი საქმიანობების სია. გარდა ამისა, ქირა, პროცენტი, დივიდენდი და მსგავსი შემოსავალი 1%-ით არ იბეგრება. არასწორად შერჩეული საქმიანობა სტატუსის დაკარგვის და დამატებითი გადასახადის ხშირი მიზეზია.
რა შეიცვალა 2026 წლიდან
2026 წლის 1 მარტიდან უცხოელ ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც თვითდასაქმებულს, საქართველოში საქმიანობისთვის შრომითი საქმიანობის უფლებაც სჭირდება — და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა ან ვიზა. მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია ამისთვის აღარ კმარა.
საგადასახადო რეზიდენტობა
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი ხდებით, თუ ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოში 183 დღე ან მეტი იმყოფებით. რეზიდენტობა იმაზე მოქმედებს, სად და როგორ იბეგრება თქვენი შემოსავალი — ეს საკითხი თქვენი ქვეყნის წესებთან ერთად უნდა შეფასდეს.
როდის იკარგება მცირე ბიზნესის სტატუსი
- თუ შემოსავალმა ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ წელს, 500 000 ლარს გადააჭარბა — მომდევნო წლის დასაწყისიდან
- თუ ეწევით საქმიანობას, რომელზეც სტატუსი არ ვრცელდება — მიმდინარე წლის დასაწყისიდან
- თუ წლის განმავლობაში სულ მცირე 3-ჯერ დაგაჯარიმეს საკონტროლო-სალარო აპარატის წესების დარღვევისთვის
- თუ თავად მოითხოვეთ — მომდევნო თვის 1 რიცხვიდან
დღგ — როდის არის რეგისტრაცია სავალდებულო
თუ ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა 100 000 ლარს გადააჭარბა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის 2 სამუშაო დღეში უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს (საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლი). უცხოელი კლიენტებისთვის გაწეული მომსახურება ამ თანხაში შეიძლება არ ჩაითვალოს — ეს მომსახურების სახეზეა დამოკიდებული და წინასწარ უნდა შემოწმდეს.
შეიძლება რეგისტრაცია დისტანციურად?
დიახ. საქართველოში ჩამოსვლა სავალდებულო არ არის: რეგისტრაციას თქვენი წარმომადგენელი გააკეთებს მინდობილობით. მინდობილობა საზღვარგარეთ ნოტარიუსთან უნდა დამოწმდეს, დაესვას აპოსტილი (ან მოხდეს საკონსულო ლეგალიზაცია) და ქართულად ითარგმნოს. საბანკო ანგარიშის გახსნისას კი ბანკმა შეიძლება პირადად მისვლა მოითხოვოს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
- 500 000 ლარის გადაჭარბებისას 3%-ით იბეგრება მთელი შემოსავალი წლის ბოლომდე — და არა მხოლოდ ზედმეტი
- ყველა საქმიანობა 1%-ს არ ექვემდებარება — საქმიანობის კოდი რეგისტრაციამდე შეამოწმეთ
- დეკლარაცია ყოველთვე, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა — ნულოვანიც
- ბანკმა შეიძლება ანგარიშის გახსნაზე უარი გითხრათ — მოამზადეთ შემოსავლის წყაროს დოკუმენტები
- ინდმეწარმის რეგისტრაცია ბინადრობას და მუშაობის უფლებას არ გაძლევთ — 2026 წლიდან ეს ცალკე საჭიროა
- ინდ. მეწარმე ავტომატურად საგადასახადო რეზიდენტი არ ხდება — როგორც წესი, ამისთვის 12 თვეში 183 დღე საქართველოში ყოფნაა საჭირო; სხვა გზაა მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირის სტატუსი ან ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევა (საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლი)
რაში დაგეხმარებით
- საქმიანობის სწორად შერჩევა და რეგისტრაცია
- მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება
- შრომითი საქმიანობის უფლება და ბინადრობის ნებართვა
- დავა შემოსავლების სამსახურთან
სამართლებრივი საფუძველი
ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
მნიშვნელოვანია: ეს სტატია ზოგადი ხასიათისაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.
ის მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით. კანონი შეიძლება შეიცვალოს, თითოეული საქმე კი ცალკე ფასდება. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ სტატიაზე დაყრდნობით — ჯობს, ჯერ ადვოკატს მიმართოთ. MMLAW არ აგებს პასუხს ამ სტატიის გამოყენებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე.
მიიღე კონსულტაცია
