
განქორწინებისთვის საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის არ არის საჭირო — გზა დამოკიდებულია იმაზე, ხართ თუ არა შეთანხმებული, და იმაზე, ვისი მოქალაქეები ხართ.
თუ ორივე თანახმა ხართ
სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლით, თუ მეუღლეებს შორის დავა არ არის, განქორწინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ხდება — სასამართლოს გარეშე. საზღვარგარეთ განქორწინება შეიძლება საქართველოს საკონსულოშიც დარეგისტრირდეს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით. გადაამოწმეთ თქვენს საკონსულოში, რა დოკუმენტებს ითხოვენ.
თუ დავა გაქვთ
თუ ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგია ან დავაა შვილზე, ალიმენტზე ან ქონებაზე, განქორწინებას სასამართლო წყვეტს. ამ საქმეს ადვოკატი მინდობილობით აწარმოებს — თქვენ საქართველოში ყოფნა არ გჭირდებათ. სასამართლოს შეუძლია მეუღლეებს შესარიგებლად ვადა მისცეს, არაუმეტეს 6 თვისა.
მინდობილობა
მინდობილობის გაცემა შეგიძლიათ საქართველოს საკონსულოში, ადგილობრივ ნოტარიუსთან (ქვეყნის მიხედვით — აპოსტილით ან ლეგალიზაციით) ან, თუ საქართველოს მოქალაქე ხართ ან საქართველოს ბინადრობის მოწმობა გაქვთ, ონლაინ — საქართველოს ნოტარიუსთან ვიდეოზარით.
თუ საზღვარგარეთ უკვე განქორწინდით
უცხოური გადაწყვეტილების ცნობა საჭირო არ არის მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მეუღლე იმ ქვეყნის მოქალაქე იყო, რომლის სასამართლომაც ის მიიღო („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, გადაწყვეტილება საქართველოში უზენაესმა სასამართლომ უნდა ცნოს; მანამდე საქართველოში ისევ დაქორწინებულად ითვლებით.
თუ ორივე უცხოელი ხართ და საქართველოში დაქორწინდით
საქართველოში ქორწინება თავისთავად არ ნიშნავს, რომ განქორწინებაც აქ შეიძლება. საქართველოს სასამართლოს ქორწინების საქმის განხილვა შეუძლია, თუ: ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას იყო; მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ან ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და საქართველოში ცხოვრობს („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი). განქორწინებაზე ვრცელდება ის სამართალი, რომელიც ქორწინების ზოგად შედეგებს აწესრიგებს (47-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).
შვილები და ქონება
სასამართლო განქორწინებისას შეუძლია ერთად გადაწყვიტოს შვილის საცხოვრებელი ადგილი, ალიმენტი და ქონების გაყოფა. თუ საქართველოს სასამართლოს განქორწინების განხილვა შეუძლია, მისი კომპეტენცია განქორწინების დამატებით შედეგებზეც ვრცელდება (12-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
სამართლებრივი საფუძველი
ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
მნიშვნელოვანია: ეს სტატია ზოგადი ხასიათისაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.
ის მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით. კანონი შეიძლება შეიცვალოს, თითოეული საქმე კი ცალკე ფასდება. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ სტატიაზე დაყრდნობით — ჯობს, ჯერ ადვოკატს მიმართოთ. MMLAW არ აგებს პასუხს ამ სტატიის გამოყენებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე.
მიიღე კონსულტაცია
